Accentnews.ge
„ოცნების" წევრი ქალი დეპუტატები – კვოტირებაზე: „გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის ამოცანას"

„ოცნების" წევრი ქალი დეპუტატები – კვოტირებაზე: „გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის ამოცანას"

02/04/2024 09:08:11 პოლიტიკა

კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ქალი დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კვოტირება ქალების გაძლიერების „დროებითი ზომაა და არა ერთადერთი”.

ნინო წილოსანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმაა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას”.

"ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას – პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს.ქალების სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური პარტიები თამაშობენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას.

პარლამენტი „გირჩის” აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით იხილავს. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე: ომბუდსმენი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს: "უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S