„ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს

01-04-2024 17:08:45 პოლიტიკა

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის ბექა დავითულიანის ცნობით, უმრავლესობა მხარს დაუჭირეს “გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების ითვალისწინებს, ხოლო “გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში “კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“.

როგორც დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, შეთანხმება შედგა.

ბიურომ “გირჩის“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. მას პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს.

“საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრინციპებს უმრავლესობა ეთანხმება. ასევე ეთანხმება მის დაჩქარებული წესით განხილვას. სამაგიეროდ, “გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე.

ბიუროს სხდომაზე “გირჩის“ წევრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხს „მორალურად მნიშვნელოვანი" საკითხი უწოდა.

„მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველად, როგორც იქნა, რაღაც თვალსაზრისით, შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა. ამ, ჩემი აზრით, მორალურად ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მე მინდა ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არსებული რეალობით, გამოდის, რომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა ვაღიარეთ, რომ ქალების ჩაგვრა გვქონდა მოწყობილი ოდესმე ამ ქვეყანაში, ან წარსულში და ეს არის ჩვენი წინაპრების უპატივცემლობა, ან ცოტა მერე, ან დღეს გვაქვს ქალთა ჩაგვრა", - აღნიშნა ხვიჩიამ.

„ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტია პარტიული სიის შედგენისას მაინც იხელმძღვანელებს იმ პრინციპით, რომელიც დღევანდელ კანონმდებლობაში არის მოცემული.

„ლელოს“ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზით არის დადგენილი... ეს საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე. გავა წლები და ეს საჭირო არ იქნება. ამასობაში, დღეიდან მე ვერ ვუწოდებ „გირჩის“ პროექტს, ეს არის „ოცნების“ პროექტი, იმიტომ, რომ „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა თუ არ იქნებოდა „ოცნების“ პოლიტიკური განზრახულობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე 3 აპრილს გაიმართება.

მოგვიანებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განმარტა რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას.

მისი თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა მონაწილეობა დღეს არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში და მმართველი გუნდისთვის, ეს ცვლილება უკვე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა დაებლოკათ:

„ჩვენი როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის, მათი მონაწილეობის მიმართ, არ შესუსტდება. პირიქით, მომავალში გაიზრდება ეს მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციის ამ ინიციატივას, მინდა რამდენიმე არგუმენტი ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. პირველი - როცა კვოტირების პრინციპი მივიღეთ თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო დროებითი ზომა, რომ მისი საჭიროება რაღაც დროში ამოიწურებოდა. მეორე - მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება იქნებოდა მხარდაჭერილი და მიღებული, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, რომ დააკომპლექტოს თავისი პარტიული სია მეტი ქალით. "ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაშიც "ქართულ ოცნებას" ეყოლება ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა. მესამე - "ქართულმა ოცნებამ", ჩვენ უკვე შევქმენით ქალთა ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით ბევრ წარმატებულ ქალს, ვინც ჩართულია პოლიტიკაში. მათი ხმა ისმის უფრო ძლიერად და მათი მონაწილეობა არის დღეს არსებითად უფრო მაღალი, ვიდრე წარსულში. რეალურად, ჩვენთვის რეალურად, ეს ცვლილება არ არის უკვე იმდენად მნიშვნელოვანი რომ ოპოზიციას ეს ინიციატივა დავუბლოკოთ.

გარდა ამისა, იცით რომ არჩევნების ნეიტრალურად მაღალი სანდოობით გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭირო არის უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტი დღეს არის სწორედ ეს, რომ ცესკოს დაკომპლექტების პროცესში იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და "გირჩმა" უკვე გამოხატა პოზიცია, რომ ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება".

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები