ომბუდსმენი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს: "უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს"

02-04-2024 10:14:34 პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა.

აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.

გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები