Accentnews.ge
თინა ბოკუჩავა – გენდერული კვოტირების გაუქმებაზე: ეს არის გარიგება და გარიგებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

თინა ბოკუჩავა – გენდერული კვოტირების გაუქმებაზე: ეს არის გარიგება და გარიგებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

02/04/2024 10:49:49 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" და "გირჩი" ერთმანეთთან გარიგდნენ, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე განაცხადა.

"მაშინ როდესაც ყოველდღიურად ქალებს, მათ შორის, დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება, სიღარიბეში გაზარდონ შვილები, თუ იძულებით ემიგრაციაში წავიდნენ, მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეების იძულებით ემიგრაციაში მყოფი 70% სწორედ ქალები არიან, ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერდნენ ქალები საქართველოში, ივანიშვილის პარტიის პირობებში ხდება მათი განდევნა პოლიტიკური სივრციდან, ეკონომიკური სივრციდან და ქვეყნიდანაც. ეს არის ის მოცემულობა, რაც ივანიშვილის 13 წლიანმა მმართველობამ მოიტანა. ეს არ არის შეთანხმება. ეს არის გარიგება და გარიგებები ადამიანების უფლებების ხარჯზე და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე, არის ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ტრანზაქციული პოლიტიკა, რომელიც არ არის არც იდეებზე და არც ღირებულებებზე დაფუძნებული. ვფიქრობ, რომ ასეთი პოლიტიკის ადგილი მომავალ მრავალპარტიულ კოალიციურ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის: პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას.

პარლამენტი „გირჩის” აღნიშნულ ინიციატივას დაჩქარებული წესით იხილავს. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნება" საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე: ომბუდსმენი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს: "უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S