ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე
04/04/2024 05:42:07 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორები – რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ განზრახვას, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საქართველოს ტრანსატლანტიკური და ევროპული მომავლის დამაზიანებლად მიიჩნევენ.
ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლის ჯიმ რიშის და ევროპასთან თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სენატორებმა განცხადება გამოაქვეყნეს მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა პარტიამ ისევ წარმოადგინა „რუსული სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ“.
რიში და შაჰინი წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელს უწოდებენ საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოეთის აგენტების“ კანონის დაბრუნებას და მიიჩნევენ, რომ ეს გამოიწვევს ქვეყნის შემდგომ გაყოფას.
მათი შეფასებით, ეს ჰგავს კანონებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობისთვის, რისი მიზეზიც საქართველოში დემოკრატიულ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს.
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხალხმა ეს შეთავაზებული კანონი უარყო 2023 წლის მარტში, მასობრივი დემონსტრაციების დროს:
„ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს საკანონმდებლო წინადადება“.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


