ანა ბუჩუკური: „ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი რუსული იმიტომ არის, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ჩვენი ქვეყნის მტერ რუსეთს და მეგობარ პარტნიორებს"
05/04/2024 07:29:54 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, "ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი რუსული იმიტომ არის, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ჩვენი ქვეყნის მტერ რუსეთს და მეგობარ პარტნიორებს".
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანი რეალურად, არ არის გამჭვირვალობა.
"ამ კანონს რუსული პროექტი დაერქვა არა იმიტომ რომ მე ასე ვფიქრობ, არამედ ქართველმა ხალხმა უწოდა ამ კანონპროექტს რუსული. იცით, რატომ არის რუსული? იმიტომ, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს ჩვენი ქვეყნის ოფიციალურ მტერს, ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთს და ოფიციალურ პარტნიორებს, მეგობრებს, როგორიც არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ არის ეს თავისი შინაარსით რუსული. ქართველმა ხალხმა ამ კანონს დაარქვა რუსული იმიტომ, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება იმის ახსნა, ვინ არის ჩვენი სამშობლოს მტერი. ისტორიული ფაქტია, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი, ამიტომ თუკი ვინმეს გავლენებს უნდა ვებრძოლოთ ნეგატიურ კონტექსტში, ეს არის პირველ რიგში, რუსეთია. რაც შეეხება გამჭვირვალობას - გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ეხებოდეს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ხელისუფლებას, თანამდებობის პირებს", - განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


