03-04-2024 18:05:47 პოლიტიკა ,კომენტარი
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, ისედაც იგრძნობა სკეპტიკური განწყობა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მზაობასთან დაკავშირებით და „აგენტების“ შესახებ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. შესაბამისად, შეგვიძლია „დიდი ხნით დავივიწყოთ“ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, რომლის თაობაზეც დადებით დასკვნას მმართველი გუნდი წლის ბოლომდე ელოდება.
„ამ კანონით ევროკავშირში არავინ მიგვიღებს“,– ხაზგასმით აღნიშნავს „აქცენტთან“ კაკაჩია.
წელს არჩევნების წელია, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ–ში და კაკაჩიას ვარაუდით, „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოსთვის არავის ეცლება. თუმცა ამას ის ცრუ მოლოდინად მიიჩნევს.
მათ შორის, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პროექტს მმართველი გუნდი კვლავ დაუბრუნდებოდა, თუმცა არჩევნების შემდეგ, „მაგრამ როგორც ჩანს, არჩევნებისთვის არ არის ისეთი სცენარი, როგორიც მათ სურთ“.
„მგონია, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, თანაც, ჩანს, რომ შარშანდელი პერიპეტიებიდან ვერაფერი ისწავლეს“, – ასკვნის კაკაჩია.
რაც შეეხება მოტივაციას, კაკაჩია ერთ–ერთ ვარიანტად განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პრობლემურობას:
„როგორც ჩანს ეს მათთვის სასიცოცხლო საკითხია, რადგან მუდმივად ამაზე საუბრობენ: ალბათ, მხოლოდ უმრავლესობით მოსვლა არ აწყობთ და აშკარად ჩანს, რომ მათთვის წარმოუდგენელია ოპოზიციასთან ხელისუფლების გაყოფა. და ვინაიდან მათ საკითხებზე დამყარებული დისკუსიის წარმოება არ შეუძლიათ, არც ხედვები აქვთ ახალი ეკონომიკაზე, სოციალურ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე (ათიათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა, უმუშევრობა, სიღატაკე – ამ საკითხებზე არაფერი აქვთ სათქმელი), ამიტომ, „საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო“ და თავად ახდენენ ამ საკითხებით პოლარიზაციას“.
ამასთან, კაკაჩიას ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს (სამოქალაქო სექტორი, მედია) და მათში საფრთხეს ხედავს:
„სადღეისოდ ასე ჩანს, რომ ჯერ–ჯერობით წარმატებულად მოახერხეს პოლიტიკური პარტიების მარგინალიზაცია, მაგრამ სამოქალაქო სექტორში საფრთხეს ხედავენ, რადგან ვერ აკონტროლებენ. იმავდროულად, ამ სექტორში ძალიან ნიჭიერი ხალხია თავმოყრილი, რომლებიც მათზე ფინანსურად არ არიან მიბმულნი“.
„ცდილობენ, საქართველოში კონსოლიდირება მოხდეს ავტორიტარზმის. ამ შემთხვევაში კარგია ამბავი ისაა, რომ ეს აქამდე არავის გამოსვლია (არადა ბევრმა სცადა) და იმედია, არც ამათ გამოუვათ, რადგან საქართველო არც ბელარუსია, არც აზერბაიჯანი და მით უმეტეს, რუსეთი! ამიტომ მაკვირვებს, რომ შარშანდელი მოვლენებიდან ვერაფერი ისწავლეს. თან ახლა მეტი რისკია მათთვის, რადგან არჩევნების წელიწადია და პირიქით, ამან შესაძლოა, შეაკავშიროს საზოგადოება მათ წინააღმდეგ. ძალიან სარისკო თამაშია მათთვის“.
რაც შეეხება მმართველი პარტიის არგუმენტს, რომ ხსენებული კანონი, რომელიც საყოველთაოდ რუსულად არის შეფასებული, არ შეაფერხებს ევროინტეგრაციას, რომლის ანალოგიური კანონის მიღებას ევროკავშირიც განიხილავს, კაკაჩია მათ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას ახსენებს.
ინფორმაციისთვის: საუბარია ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის ინტერესთა წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის ეროვნულ მონაცემთა ბაზებში.
კაკაჩია დარწმუნებულია, შედეგები კი საზოგადოებაზეა დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ რადგან მას ბევრ არჩევანს არ უტოვებენ: ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირში არავინ გველოდება და საკითხი ამგვარად დგება – თუ ხელისუფლება არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, ის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ეს კი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, კრიტიკულად უნდა გაიაზროს, რასთან გვაქვს საქმე, „მიუხედავად იმ პროპაგანდისა, თითქოს მხოლოდ ხელისუფლება უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას“.
„ამომრჩეველი დადგა გზაგასაყარზე და მან უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი – აწყობს რომ გაგრძელდეს სტაგნაცია და ავტორიტარიზმის ტენდენციების კიდევ უფრო დამძიმება, თუ საჭიროა ცვლილებები“,– აჯამებს კაკაჩია.
იხილეთ ასევე: "ქართული ოცნება" "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში აბრუნებს