მანჯგალაძე: ველოდები, პაპუაშვილი როდის ამხელს გაეროს, NATO-სა და ევროპის საბჭოს გენმდივნებს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში, მეტი ვინღა უნდა გვითხრას? მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?!
05/04/2024 08:20:34 პოლიტიკა
"როცა გაერო, NATO, ევროკავშირი და ევროსაბჭო გეუბნება, რომ კანონი არის ანტიევროპული, რუსული, მეტი ვინღა უნდა გვითხრას? მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?!", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მანჯგალაძის შეფასებით, "კანონპროექტის ხელახალი ინიცირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა".
"ვისაც რეალობის დანახვა უნდა, საკითხი მარტივია - ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, კანონის მიღების მცდელობას ეწინააღმდეგება NATO–ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - არ დარჩა არავინ! მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?! კანონი მოსწონს პესკოვს - დავფიქრდეთ ვისია კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის! ის, ვინც საფრანგეთს ახსენებს, ფრანგული კანონი ან წაკითხული არა აქვს, ან მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. ფრანგული კანონპროექტის განხილვა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საფრანგეთი შეთანხმდა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებით თვალთვალისა და მიყურადების ალგორითმი შეიცვალა და მეორეც, ამ კანონის მიხედვით, მეგობარი და მტერი სახელმწიფოები განისაზღვრა - რეგულაციები მეგობარ სახელმწიფოებზე არ ვრცელდება. "ქართული ოცნების" კანონპროექტის მთელი უბედურება კი იმაშია, რომ "ქართული ოცნება" მას რუსეთის გარდა, ყველაზე ავრცელებს. გაკვირვებული ვარ, რა გამჭვირვალობას ითხოვს ის ხალხი, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილის გამჭვირვალობა ვერ ჩაუტარებია - იმ ადამიანის გამჭვირვალობა, რომელიც ამბობდა, რომ ნაჩუქარი ათასი დოლარით ისწავლა და დღეს ამბობს, რომ მამამისი მილიონერია. "ქართული ოცნების" რომელი წევრი დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის ქონების გამჭვირვალობით?! - ამ კითხვას უნდა უპასუხოს ცრუპენტელა, გადამგდებმა, ცრუ და თაღლითმა "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


