12 ევროპული ქვეყანა „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გაიწვიოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი
05/04/2024 13:19:17 პოლიტიკა
12 ევროპული ქვეყანა „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გაიწვიოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. შესაბამის ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხო ძალების გავლენის შესახებ" კანონის პარლამენტში ხელახლა დაბრუნება სერიოზულად აკნინებს საქართველოს დიდი ძალისხმევით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია თავისუფლებისთვის გარემოს უზრუნველყოფა და შენარჩუნება დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს და საკვანძოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის.
"მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის მზაობას და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


