22 ევროპარლამენტარი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტის დაბრუნებაზე: "მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს"
05/04/2024 15:48:12 პოლიტიკა
22 ევროპარლამენტარი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაბრუნების გამო "მოვუწოდებს ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს". ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
მათი თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 9 ნაბიჯის გადადგმის პირობით და ამბობენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ამ ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგება.
"ესენია: მეცხრე ნაბიჯი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და პირველი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას მოითხოვს", – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს. მათი თქმით, ეს თანხები მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურებების უზრუნველყოფაზე.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


