ჯანელიძე - "აგენტების" კანონპროექტზე: ევროკავშირი, NATO და აშშ აცხადებენ, რომ "ოცნება" საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი კი იცავს ამ ნაბიჯს
05/04/2024 16:03:28 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაბრუნების ფაქტს ეხმიანება.
"ერთის მხრივ, ევროკავშირი, NATO, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს "ქართული ოცნების" ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა“, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ ჯანელიძე.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.
კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!


