ვაზიანში ახალი აეროპორტის გარდა, სავარაუდოდ, სტადიონსაც ააშენებენ
22/04/2024 10:14:12 პოლიტიკა
ვაზიანში ახალი აეროპორტის გარდა, სავარაუდოდ, სტადიონსაც ააშენებენ. შესაბამისი განცხადება პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა
"მინდა, დავაანონსო მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც უკავშირდება ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი, რომელიც არსებითად სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 000-ს მაყურებელზე. იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებს, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს ქალაქში, ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, რომელსაც სარბენი ბილიკები არ აქვს, ამ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის, რომელიც გუნდის წარმატებაზეც აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, ასეთ პირობებში ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას. ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 70000 გულშემატკივარზე გათვლილი, რომელიც სათანადოდ განხორციელდება. აქტიური მუშაობა იქნება საჭირო კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან და ფინანსთა სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის სათანადო უზრუნველყოფა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
8 აპრილს ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისში, კერძოდ, ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება.
ცნობისთვის: 2023 წლის 5 ივნისს საქართველოს იმჟამინდლმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. მან თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“.
ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც.


