
ბურჭულაძე: "ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არანაირი საფრთხე არ ექნება“
21/06/2023 09:42:26 თავდაცვა
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ ვაზიანში აეროპორტის აშენების შემთხვევაში ბაზის ფუნქციონირებას პრობლემა არ შეექმნება.
„რაც კი ეს საკითხი წამოიჭრა, იმ დღიდან ჩართულები ვართ: უწყება, კომპეტენტური ქვედანაყოფები, ასევე, უწყების ხელმძღვანელობა და ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არც ერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, - განახადა თავდაცვის მინისტრმა.
ბაზაზე აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებზე ბურჭულაძემ თქვა, რომ "ეს არის პოლარიზაციის საწყისი".
„რას ნიშნავს მოღალატეობრივი?! ზოგადად ამ ტერმინს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. ჩვენი მხრივ, იგივე იქნება ახლა, ვთქვა, რომ მოღალატეობრივი პოზიციაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკის წინსვლას ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს. არანაირი რისკი არ წარმოიქმნება არც სწავლებებისთვის და არც ბაზისთვის. არანაირი საფრთხე ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არ ექნება“, - გაიმეორა ბურჭულაძემ.
თუმცა ჯერ კვლავ გაურკვეველია, როგორი გადაწყვეტილება იქნება ნატო–საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვის დასაწყისში თქვა, რომ განიხილება ახალი აეროპორტის ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენება.