20 მახათი – ხელვაჩაურის მერიაში თანხების კანონდარღვევით ხარჯვა დადასტურდა
30/12/2019 07:50:31 სამართალი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხების კანონდარღვევით ხარჯვაზე მიუთითებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში თანახმად, ხელვაჩაურის მერიის მიერ საავტომობილო გზის − ბათუმი-ხულო-ახალციხის მე-16 კილომეტრზე, მდინარე აჭარისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოყოფილი 219 097 ლარი დაიხარჯა კანონდარღვევით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ეს წარმოშობს მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკს.
ამასთან, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, კულტურის სახლი, რომლის რეკონსტრუქციაზეც ხელვაჩაურის მერიამ 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა დაზიანებულია, ხოლო გათბობა-კონდიცირების სისტემა, რომლის შეძენა-მონტაჟისთვის 190 990 ლარია გადახდილი, დამონტაჟების პერიოდიდან, 2016 წლიდან, არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელი კომპანია ვალდებული იყო კულტურის სახლში არსებული ხარვეზები გამოესწორებინა, ხარვეზები არ გამოსწორებულა.
ამასთან, ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც შესრულებულია კონკრეტული სამუშაო, თუმცა მოსახლეობა ვერ სარგებლობს. მაგალითად, სოფელ ზედა თხილნარში, წყალსადენის მილის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების სამუშაოებისათვის, ხელვაჩაურის მერიამ 29 030 ლარი გადაიხადა, თუმცა წყალსადენი არ არის ჩართული სისტემაში და შესაბამისად, მოსახლეობა ვერ სარგებლობს.
„მუნიციპალიტეტის მიერ არასათანადო დაგეგმვისა და განხორციელებულ პროექტებზე სუსტი მონიტორინგის არსებობის გამო, მოსახლეობა ვერ სარგებლობს შექმნილი ინფრასტრუქტურით, რაც საბიუჯეტო სახსრების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში 45 669 ლარის, არაეფექტიან განკარგვაზე მიუთითებს", - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მერიაში თანხების კანონდარღვევით ხარჯვაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორიც ავრცელებდა ინფორმაციას. მისი ცნობით, ხელვაჩაურის მერიამ აგვისტოში საკანცელარიო ნივთების ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებამაც დაახლოებით, 23 ათასი ლარი შეადგინა. სხვა შეძენილ ნივთებთან ერთად მერიის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის სიაში აღმოჩნდა 20 ცალი მახათი, მისი შესყიდვის მიზანი უცნობია.


