
"ფლანგვის დეტექტორი" – ხელვაჩაურის მერიამ 20 მახათი შეიძინა, შესყიდვის მიზანი უცნობია
27/12/2019 12:03:49 საშინაო პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიამ აგვისტოში საკანცელარიო ნივთების ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებამაც დაახლოებით, 23 ათასი ლარი შეადგინა.
სხვა შეძენილ ნივთებთან ერთად მერიის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის სიაში აღმოჩნდა 20 ცალი მახათი.
"2019 წლის მარტში ხელვაჩაურს მერიამ საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო მასში მონაწილე კომპანიების დისკვალიფიკაცია მოხდა და ტენდერი ჩავარდა. ზუსტად იგივე ტენდერი მერიამ აპრილში მეორედ გამოაცხადა. ეს ტენდერიც იმავე შედეგით დასრულდა - მონაწილეთა დისკვალიფიკაციით მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ტექნიკური ხარვეზების გამო.2019 წლის 7 ივნისს ხელვაჩაურის მერიამ მესამე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 ივნისამდე გაგრძელდა, თუმცა ეს ტენდერიც იგივე მიზეზით ჩავარდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 აგვისტოს კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი. ამჯერად ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა (ერთ-ერთი წინა ტენდერშიც მონაწილეობდა). ამ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია შპს მადრიდი გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით დისკვალიფიცირებულ იქნა. მეორე პრეტედენტი, შპს “ანსა,“ ჯერ დისკვალიფიცირებულ იქნა, ხოლო შემდგომ, ოქმი N4-ის საფუძველზე, ოქმი N3-ის გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ გაუქმდა.
საბოლოოდ შპს ანსამ მოახერხა ყველა სატენდერო დოკუმენტაციის სწორად წარმოდგენა და ოქმი N9-ის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებაც გადაწყდა. ტენდერის ჯამური ღირებულება (მახათები და საკანცელარიო ნივთები) 22,981 ლარია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, სხვა აღჭურვილობასთან ერთად, ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში 20 დიდი მახათის შეძენასაც ცდილობდა, რაც საბოლოოდ მეოთხე ტენდერით წარმატებით დააგვირგვინა", –აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.