პარიზი: „ირანსა და აშშ–ს შორის მზარდი დაძაბულობა გვაშინებს"
03/01/2020 09:04:33 მსოფლიო
საფრანგეთის უმცროსი საგარეო საქმეთა მინისტრი ამელი დე მონჩალინი ირანელი გენერალ–მაიორის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ საფრანგეთისთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი შუა აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების დასტაბილურებისთვის მუშაობა იქნება.
„ახლა რაც ხდება, გვაშინებს – ირანსა და აშშ–ს შორის დაძაბულობა თანდათან იზრდება. ვიმუშავებთ, რომ შუა აღმოსავლეთში ვითარება დასტაბილურდეს“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: აშშ–ის მიერ ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.
პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.
„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.
ირანის უმაღლესი ლიდერის აითულა ალი ხამენეისა და პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აერპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.
ირანელი გენერალ–მაიორის მკვლელობის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა საგანგებო სხდომა მოიწვია.
ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო ნიუ–იორკში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.


