ჰერჩინსკი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი
09/07/2024 06:17:29 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი.
"მოგეხსენებათ, ათი ქვეყანაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები. პროცესი გრძელდება. ევროკავშირმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება მომავალი ხელმძღვანელობის შესახებ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის შემდეგი ხელმძღვანელობა დიდი ამბიციებით დაიწყებს მუშაობას. გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ახლად არჩეული ხელმძღვანელობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, მოვასწრებთ, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, პაველ ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ დაეძაბა.
24 ივნისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა შემდეგი განაცხადა: "თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება".
ამავე თემაზე: ბორელი: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს, მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ.
ევროკავშირის მხრიდან აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ბლოკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა არაერთხელ განუცხადეს, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო შესაძლოა, ქვეყნისთვის ბლოკის კარი დაიხუროს, კვლავინდებურად ირწმუნება, რომ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად.


