ბორელი: თუ საქართველოს მთავრობა ამ გზით ივლის, ევროკავშირის კარი დაიხურება

24-06-2024 11:30:37 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

„ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება. ქართველი ხალხი იქნება ის, ვინც ამის შედეგებს საკუთარ თავზე მიიღებს, ვინც დაზარალდება იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან თუნდაც გაქრება. ძალიან სერიოზულ რამეზე ვსაუბრობთ. ჩვენ არ გვინდა, სამოქალაქო პირებზე იყოს [ჩვენი საპასუხო ქმედებების] გავლენა, არ გვინდა, მეტი ტკივილი მივაყენოთ მოქალაქეებს. მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები, რაც ჩამოთვლილია, და დღის ბოლოს შემეძლება გითხრათ, რა რეაქცია ექნებათ საგარეო მინისტრებს ჩემს შეთავაზებაზე“, - განაცხადა ბორელმა.

მან ჩამოთვალა რამდენიმე ზომა, რასაც იგი დღეს მინისტრებს შესთავაზებს, თუმცა, მისი თქმით, დღეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ:

"დღეს გაიმართება საორიენტაციო დებატები საქართველოზე. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს არ ელოდოთ, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება, იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება".

ევროკავშირი მორიგი გაფართოებისათვის 2030 წლისთვის ემზადება.

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 25 ივნისს ოფიციალურად დაიწყებს. რაც შეეხება საქართველოს, ბლოკისა და ქვეყნის ურთიერთობა გააუარესა „აგენტების კანონის“ მიღების ფაქტმა, რაც ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებას.

იხილეთ ასევე: საქართველოს 10 სამთავრობო უწყება, რომელმაც ევროკავშირისგან ყველაზე დიდი ოდენობის დაფინანსება მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები