პრემიერი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად
28/06/2024 10:15:54 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმა არაერთხელ განუცხადეს, რომ "აგენტების კანონის" მიღების გამო შესაძლოა, ქვეყნისთვის ბლოკის კარი დაიხუროს, კვლავინდებურად ირწმუნება, რომ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას ისაუბრა.
"ჩვენთვის უმთავრეს საგარეო პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ–მინისტრის რანგში სწორედ ბრიუსელში განვახორციელე, სადაც დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას. რა თქმა უნდა, გაგარძელდება ასოცირების დღის წესრიგით და 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქყვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა", – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: 24 ივნისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა შემდეგი განაცხადა: "თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება".
ამავე თემაზე: ბორელი: შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს, მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ.


