დარჩიაშვილი უნგრეთს ეწვევა და სიიარტოსთან ერთად ორ ქვეყანას შორის "ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმებას მოაწერს ხელს
19/07/2024 07:53:54 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური თბილისი ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან გამართავს შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ.
ასევე ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიიარტო გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც, როტაციის წესით, 1 ივლისიდან უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მას დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დაეძაბა. ევროკავშირის და NATO-ს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კიევის და მოსკოვის შემდეგ 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ამის შემდეგ ვიქტორ ორბანი ფლორიდაში შეხვდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს.
ევროკავშირმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ვიქტორ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.
ამავე თემაზე: POLITICO: ევროკავშირმა შესაძლოა, უნგრეთში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადოს
ევროკომისიამ უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა


