პრემიერი: „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა
22/07/2024 07:59:11 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძი განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
„თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას, ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და პირველივე წელს ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება „ამნისტიის კანონის“ საფუძველზე. ამასთან ერთად, ეს კანონპროექტი დაბალანსებულია და მაქსიმალურად მხედველობაშია ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი „ამნისტიის კანონი“. როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონს მხარს არ უჭერს, ამით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს. „ამნისტიის კანონში“ აისახება ხოლმე პარლამენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი ანუ პარლამენტი როგორც ჩათვლის მიზანშეწონილად, ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდებას, იმისდა მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში პირადად მეც ვიყავი ჩართული „ამნისტიის კანონის“ შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ერთი, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიგვეღო, ერთი მხრივ ციხეები განგვეტვირთა, ისე, რომ კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულიყო. თუ ვინმე ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და ქვეყანაში სიტუაციას არ გააუარესებს, მზად ვართ განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს და ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
19 ივლისს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ამნისტიის პროექტი 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: - პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
“სასჯელის 1/6-ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს 22 000 პრობაციონერი გვყავს. აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება - საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
განხილვის პარალელურად, მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა თბილისში აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს.
ამავე თემაზე: ვის შეეხება/არ შეეხება ამნისტია და რამდენ პირს შეუმცირდება პირობითი მსჯავრი.
მეზვრიშვილი: "მოვითხოვთ „ოცნებისგან“, ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს".
სახალხო დამცველი პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით 3 რეკომენდაციით მიმართავს.


