Accentnews.ge
სახალხო დამცველი პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით 3 რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველი პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით 3 რეკომენდაციით მიმართავს

19/07/2024 15:24:24 სამართალი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით 3 რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამნისტიის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაში სახალხო დამცველის აპარატიც მონაწილეობდა.

"სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს ვიტოვებთ, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც", – ნათქვამია განცხადებაში.

ლევან იოსელიანი პარლამენტს შემდეგი 3 რეკომენდაციით მიმართავს:

  • ამნისტიის აქტის განხილვის პროცესში მსჯელობა გაიმართოს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებითაც, რომ აღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულებს 2012 წელს მიღებული საყოველთაო ამნისტიის აქტი მხოლოდ ფორმალურად შეეხოთ, პრაქტიკაში კი შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ამავდროულად, შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით;
  • სახალხო დამცველი სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ;
  • განსაკუთრებული სიფრთხილე იქნას გამოჩენილი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესში. კერძოდ, აუცილებელია მსხვერპლთა თანხმობების მიღების პროცესში დაცული იყოს მათი ინტერესები და უსაფრთხოება; და მათ შეძლონ თავისუფალი ნების გამოვლენა, ყოველგვარი იძულებისა და კანონსაწინააღმდეგო გავლენების გარეშე. მათ შორის, შესაძლებელია ამ პროცესში რელევანტური უწყებების ჩართულობა ან სასამართლოს წინაშე დაზარალებულთან გასაუბრება, რათა ერთი მხრივ, მოსამართლე დარწმუნდეს მსხვერპლის პოზიციაში და მეორე მხრივ, სასამართლომ შეძლოს დამცავი ორდერის ადეკვატური პირობების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულის ეფექტიან დაცვას.

"სახალხო დამცველი მზად არის დამატებითი სამუშაო შეხვედრა გამართოს კანონპროექტის ინიციატორებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. ამასთან, მიესალმება პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით გაცხადებულ ნებას", – აცხადებენ ომბუდსმენის ოფისში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S