
მეზვრიშვილი: "მოვითხოვთ „ოცნებისგან“, ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს"
15/07/2024 07:39:03 პოლიტიკა
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება” ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა”.
მისი თქმით, "პარტია მოითხოვს, რომ ამნისტია ზონდერ ჯგუფებს არ შეახოს".
"გარიგების თანახმად, ზონდერ ჯგუფებს უნდა ემოქმედათ მაქსიმალურად სასტიკად და იმ მუხლების ფარგლებში, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა. ხოლო სახელმწიფო უწყებებს ხელი უნდა დაეფარებინათ ხელისუფლებისთვის, არ დაეშვათ გამოძიების დაწყება ისეთი მუხლებით, რაც ირიბად მაინც მიანიშნებდა ხელისუფლების ბრალეულობაზე და გამოძიება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ფორმალურად იმ მუხლებით დაეწყოთ, რომლებსაც მოგვიანებით ამნისტია შეეხებოდა.
მართლაც, დღეს გამოძიებებს, რომლებსაც უკვე ამნისტია ეხება, ფორმალურად, კანონის დარღვევით – არასწორი კვალიფიკაციით აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ გარიგების მონაწილე იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც თვალი დახუჭა „დევნაზე“ და განცხადებები შსს-ში გადააგზავნა.
„ოცნება“ დღეს "ნაცმოძრაობის" მეთოდებით მოქმედებს. ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ სისტემური ძალადობის ოპერაცია ოფიციალური სახელმწიფო უწყებების და არაოფიციალური ზონდერ ჯგუფების მონაწილეობით დაგეგმა - აცემინა ახალგაზრდები, მოხუცები,ქალები, ბავშვები და ახლა დანაშაულის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს.
სწორედ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა და ეს გახდა დღეს "ოცნების" ხელწერა.
მოვითხოვთ „ოცნებისგან“, ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს.
მოვითხოვთ პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება ამ სისტემურ დანაშაულზე და მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია ყველა საქმეს, რომელიც გარიგების ნაწილია, რითაც დაადასტურებს, რომ თავადაც არ არის დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი!
ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა დანაშაულის განმეორების სანდო კვლევის წარმოაგდნის და ამნისტიის სამართლიანობის სხვა წინაპირობების დაკმაყოფილების შესახებ”. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021