მამუკა მდინარაძე: აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება საკვანძო საკითხია, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს
16/08/2024 11:59:03 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება საკვანძო საკითხია და ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს"
„ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერს რუსულს ეძახიან იმას, რაც არ მოსწონთ. ეს გამოძიება ისეთივე რუსულია, როგორი რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. მათთვის ყველაფერი არის რუსული, რაც არ მოსწონთ და აზიანებთ, ამტყუნებთ, ააშკარავებთ. ამაზე სერიოზული, ლოგიკასთან ახლოს მესიჯი ჯერ ვერ მოიფიქრეს. რაც შეეხება იმას, რა არის რუსული და რა – ქვეყნისთვის დამაზიანებელი, მათ სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი აღადგინეს, საზღვრები დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ, მთელ მსოფლიოს აჩვენეს აქედან იქეთ დაბომბვის კადრები 7 აგვისტოს. ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას და დღეს ლაპარაკობენ, რომ სხვისი ნაკეთები საქმეა და ამ ყველაფრის გამოძიებაა რუსული. ანუ, მათ შეუძლიათ, ღალატი ჩაიდინონ, ქართველ სამხედროებს დააბრალონ ომის დაწყება, ამაზე ხელი მოუწერონ, კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულონ, შემდეგ ხელი მოაწერონ რეზოლუციას, სადაც მე-11 პუნქტში ეწერა, რომ ომის დანაშაული, შესაძლოა ქართველ სამხედროებს ჰქონდათ ჩადენილი, ეს ღალატი ჩაიდინონ და სხვას ეძახონ რუსული საქმის მკეთებელი, რადგან რუსები თურმე რაღაცას თავისთვის ლაპარაკობენ და იყენებენ გაერო-ში. ანუ, შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. ამავე დროს, მეორე ფაქტორიც არის. სტრასბურგიც და ჰააგაც მოვიგეთ. კრინტი არ დაგვიძრავს მე-11 პუნქტზე, რომ ომის შესაძლო დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმაო, ამაზე ხმა არ ამოგვიღია. დღეს რუსებმა და „ნაცებმა“ რაც უნდა ის იძახონ, ჰააგაც ჩავლილია საქართველოს და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ და სტრასბურგიც. ახლა რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ამ საქმეს მაინც გამოიძიებს სახელმწიფო. ეს არის საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, რადგან სხვა დროს ვერავინ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი მოქმედებები“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე: გაერო–ში რუსი დიპლომატი საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა.
გიგი გიგიაძე: დღეს ქართული დიპლომატია დეკორაციიდან კარიკატურად გადაიქცა
ცნობისთვის: რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, ცდილობს იმ სიცრუის ტირაჟირებას, თითქოს როგორც საქართველოსთან 2008 წლის, ისე ამჟამად უკრაინასთან მიმდინარე ომში დამნაშავე არა კრემლის იმპერიალისტური ზრახვების რელიზატორები, არამედ დასავლეთია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზეც გაიმეორა, რომ „საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის საპასუხოდ რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა აგრესორისთვის მშვიდობის იძულებისა“ და იქვე დაამატა, რომ "დასავლეთი დღემდე საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას“.
არადა, ის ფაქტი, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება საქართველოში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ბევრად ადრე - 2006-2007 წ.წ. დაიწყო, 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას თავად პრეზიდენტ პუტინს საჯაროდ აქვს დადასტურებული:
"იყო გეგმა და ჩემი აზრით, ეს საიდუმლო არ არის. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. ამაზე ადრე საჯაროდ უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა სადღაც 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცდა ჩემთან შეთანხმებით. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში განხორციელდა სამხრეთ ოსეთის აჯანყებულთა წვრთნაც. მართალია, ჩვენი სამხედრო ექსპერტები, გულახდილად რომ ვთქვა, მიიჩნევდნენ, რომ ეს უსარგებლო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ აჯანყებულები დამარცხდებოდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან - თუნდაც ისეთ პატარა სახელმწიფოსთან, როგორიც საქართველოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ძალიან გაბედულად იცავდა სამშობლოს. სამივე დღე, სანამ რუსული არმია მიუახლოვდათ, ფაქტობრივად, მათ და ჩვენმა სამშვიდობოებმა შეაკავეს ქართული ფორმირებების ზეწოლა. ასე რომ, მათ თავიანთი როლი ითამაშეს... ამ გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკაც - ეს საიდუმლო არ არის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ".
საქართველოში შეჭრის გეგმის ომამდე ბევრად ადრე არსებობის ფაქტი საჯაროდ აქვს დადასტურებული იური ბალუევსკისაც, რომელიც 2008 წლის 3 ივნისამდე რუსული გენშტაბის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. უკვე ომის შემდეგ, 2012 წლის რუსულ დოკუმენტურ ფილმში "დაკარგული დღე" ბალუევსკიმ თქვა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმის რეალიზების დაწყება პუტინმა ჯერ კიდევ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციამდე (2008 წლის მაისი) გადაწყვიტა - და სამხედრო შენაერთების მეთაურებს წინასწარ გაეგზავნათ კონკრეტული ბრძანებები.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დასრულდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც (ICC), სადაც ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.


