15-08-2024 15:51:52 კომენტარი
ქართული დიპლომატია დეკორაციიდან დღეს კარიკატურად გადაიქცა!– ასე ეხმიანება გაერო–ში განვითარებულ მოვლენებს დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე. საქმე იმაშია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა გაერო–ში დმიტრი პოლიანსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს შესახებ დისკუსიის შემდეგ, ბრიფინგზე „დასტურად“ იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ კრემლისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები თანხვედრაშია და საერთაშორისო თანამეგობრობისას ეწინააღმდეგება, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებიდან წაიკითხა ციტატა. აქ ორი მთავარი გზავნილია – "გარე ძალების ინსტრუქციები" და იმჟამინდელი ხელისუფლების "ბრალეულობა". ამგვარი პოზიციონირებით რუსმა მოხელემ თბილისი დააჯგუფა მოსკოვთან – შორს პარტნიორებისგან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გარემოებას დუმილით შეხვდა.
გიგი გიგიაძე „აქცენტთან“ განმარტავს, რომ „ბოლო16 წლის მანძილზე თითოეული ქართველი დიპლომატის ამოსავალი წერტილი რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომში რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების მხილება იყო“.
თუმცა, როგორც ჩანს, ამოცანები შეიცვალა და ახალ მოცემულობაში, სადაც კრემლს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ვერსიის გასამყარებლად აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის ხელისუფლების განცხადებები დაიმოწმოს, პროცესზე დამკვირვებლები შიშობენ, რომ დიპლომატების ძალისხმევა აზრს კარგავს.
„ყოველ წელს გვაკვირვებს, ჩვენი დასავლელი კოლეგების სურვილი, განვიხილოთ 2008 წლის აგვისტოს სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ჩემს მიერ აღმოჩენილი ფაქტებიდან და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ პრაქტიკას. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. თქვენის ნებართვით, მოვიყვან ციტატას საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებიდან – „საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანად აყენებს ეჭვქვეშ სააკაშვილის ადეკვატურობას. მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, ორგანიზებული იყოს საჯარო სასამართლო ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“,– თქვა რუსმა დიპლომატმა და ჟურნალისტებს მოუწოდა: უბრალოდ შეეცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა“.
მისი გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა დაიკავეს მალტის, დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ის წარმომადგენლებმა და გააჟღერეს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, რომელიც მოიცავდა მთელ რიგ უმწვავეს საკითხებს, რაც ახლავს თან რუსული ოკუპაციის პირობებში არსებობას:
„2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. როგორც ხედავთ, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთის ფედერაციამ ეს გზა გააგრძელა. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ უხეშ დარღვევას; ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში; ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე; მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს და უფრო ფართოდ – შავი ზღვის უსაფრთხოებას; ვგმობთ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავება–გატაცებას, ეთნიკური ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართულად ზიანის მიყენებას; ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს; ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე. დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან!“.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარების და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ყურადღებას უცხოელი დიპლომატების მოწოდებებზე ამახვილებს, თუმცა დუმს რუსი დიპლომატის მიერ მაღალი ტრიბუნიდან საერთაშორისო მედიის წინაშე "ქართული ოცნების" ციტირებაზე.