წულუკიანი: "რუსეთს ისტორიული დავა იუსტიციის სამინისტროში ჩემი მსახურობისას მოვუგეთ, მაგრამ კითხვას წინა ხელისუფლების შესახებ პასუხის გაცემა სჭირდება"
19/08/2024 12:26:01 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ერთის მხრივ, სიამაყით აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული დავის მოგება, მათ შორის მისი დამსახურებაა, ხოლო, მეორეს მხრივ, აცხადებს, რომ კითხვას, "როგორ მოახერხა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ქვეყანას დაემართა ის, რაც მას რუსეთმა 2008 წელს დამართა", პასუხი უნდა გაეცეს.
„2008 წლის ომის ფაქტები ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ვინაიდან სწორედ ჩემი იუსტიციის სამინისტროში მსახურობისას შევძელით სტრასბურის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დავის მოგება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის დღეისთვის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოს ხელში, რომელიც ჩვენს თაობას, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ თაობებს, ყველა შემთხვევაში მისცემს შესაძლებლობას, სამართლებრივ, იურიდიულ საფუძველს, რომ ქვეყანა მშვიდობიანი გზით გააერთიანოს. ეს ის განაჩენია სასამართლო გადაწყვეტილების სახით, რომელიც ევროპულმა სასამართლომ მიიღო და სადაც ნათქვამია, რომ საქართველო, ქართული ჯარი, ქართველი ხალხი და ის ქართველები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, არიან მართლები და მათ წინაშე ტყუის რუსეთი. ჩვენ ეს საფუძველს მოგვცემს მომავალში, რომ დავაბრუნოთ დევნილები თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი გზით. ასევე, ამ გადაწყვეტილებებში ნათქვამია, რომ სწორედ რუსეთის ხელით იქნა მოკვდინებული ანწუხელიძე, სოფრომაძე და ჩვენი სხვა სამხედრო ტყვეები, რომლებსაც ყოველდღე და მითუმეტეს აგვისტოს თვეში ჩვენ განსაკუთრებულად ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ. ამ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უმძიმეს პირობებში ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში, ყოველთვის ისმოდა კითხვა, როგორ მოხდა, რომ რუსეთმა მოახერხა და შეძლო ის, რაც მოახერხა. შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, თავს დაგვესხა და დაარღვია ყველა ის უფლება, რომელიც დარღვეულად იქნა მიჩნეული სტრასბურგის სასამართლოს წინაშე.
ასევე, მახსოვს ის პროცესები სტრასბურგში, რომლის დროსაც ერთ მხარეს ქართველი გლეხები იცავდნენ თავს და მეორე მხარეს სამხედროები რუსეთიდან ჩვენს დაზარალებულებს, შვილმკვდარ დედებს, მიწა წართმეულ ქართველ გლეხებს ცხინვალის რეგიონიდან უმტკიცებდნენ, რომ მათ მოეჩვენათ, რუსეთს ისკანდერი არ ჩამოუგდია და არც სხვა ბომბები არ დაუშენია ქართველებისთვის, ეთნიკური წმენდა იქ არ ჩატარებულა. ეს ყველაფერი ყველას კარგად გვახსოვს, მეც კარგად მახსოვს თქვენთან ერთად კარგად. ამ დროს ყოველთვის ისმოდა შეკითხვა, როგორ მოახერხა მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ საქართველოს დაემართა ის, რაც მას რუსეთმა დამართა. ეს კითხვა დღესაც ცოცხალია და ამ კითხვას პასუხის გაცემა სჭირდება. ჩვენ როდესაც ვიყავით ოპოზიციაში, მაშინაც ვსვამდით ამ კითხვას, როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ვერ აიცილა ის დიდი საფრთხეები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ ყველა ერთად შევიქენით და ამის მსხვერპლი აღმოჩნდა საქართველოს სახელმწიფოებრიობაც. თქვენ გახსოვთ, რომ 2008 წლის აგვისტოში თვითონ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც არსებობის საფრთხე იყო ჩვენთვის თვალხილული და ძალიან თვალსაჩინო. იმედი მაქვს, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცემა და სამართლებრივი პროცესი წარიმართება ისე, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა", – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, წულუკიანმა.
ცნობისთვის: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის შესახებ „ქართული ოცნების“ პოზიციონირება, რაც სიამოვნებით აიტაცა რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის (როგორც ეს ვიხილეთ გაეროში, როდესაც რუსი მოხელე მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა საერთაშორისო მედიის წინაშე), არამედ სამართლებრივი მიმართულებითაც და ეხება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტსაც კი – სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
- „საერთაშორისო სამართალი ამგვარადაა მოწყობილი, რომ ქვეყანა რომელიც იწყებს ომს, ეს საერთაშორისო სამართლის ყველაზე მძიმე დარღვევაა! ვინც არღვევს საერთაშორისო სამართალს, მას ამისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება! თეორიულად რომ დავუშვათ და გავყვეთ ამ ჰიპოთეტურ პროცესს, ეს იქნება უაღრესად დამაზიანებელი – კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს, კონკრეტული პირის პასუხისმგებლობას კი არა, არც მეტი და არც ნაკლები – სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში: ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, საერთაშორისო სამართალში წარმოშობს საფუძვლებს, რომ დაიწყოს პროცესი ამ ხალხის გადარჩენის – ანუ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის. [...] როდესაც საუბარია პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საჯარისო ფორმირებების გამოყენებასა და სახელმწიფოთაშორის [კონფლიქტში] მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოა – არანაირ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. არც მემკვიდრეობას აქვს მნიშვნელობა: 20 წლის მომხდარი ფაქტი რომ დადგინდეს თანამედროვეობაში, რომელიც სახელმწიფოს შეერაცხება, მემკვიდრეობით ეს საკითხი მოქმედ ხელისუფლებაზე გადავა – საერთაშორისო სამართალს არ აინტერესებს, პარტიები და პერსონები, მას აინტერესებს სახელმწიფო“, – განუცხადა "აქცენტს" , ლევან მესხორაძემ, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი იყო 2008-2016 წლებში (მათ შორის, იმ პერიოდში, როდესაც თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა).
ამავე თემაზე: "ოცნების" ბრალდების "ბეწვის ხიდი": კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში!
გიგი გიგიაძე: დღეს ქართული დიპლომატია დეკორაციიდან კარიკატურად გადაიქცა.


