კახა კალაძე: მტერს არ ვუსურვებ, ისეთ შეხვედრებს, წითელ ხალიჩებზე სიარულსა და ხელის ჩამორთმევას, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება
25/09/2024 11:48:26 პოლიტიკა
"შეიცვალა ის, რომ მოწოდებები გაგრძელდა, მოთხოვნები გაგრძელდა, შანტაჟები გაგრძელდა და ჩვენ მარტივად ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს. სხვა ქვეყნის ლიდერებს, რომელსაც წითელ ხალიჩაზე ხვდებიან, ხელს ართმევენ, მე მტერს არ ვუსურვებ, ისეთ შეხვედრებს, წითელ ხალიჩებზე სიარულს და ისეთ ხელის ჩამორთმევას, უკრაინა მაქვს მხედველოაში", – ასე უპასუხა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, "[ექს–პრემიერ] ირაკლი ღარიბაშვილს შარშან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროკავშირის ლიდერებთანაც ჰქონდა შეხვედრები, წელს ასე არ ხდება, შარშანდელს შემდეგ რა შეიცვალა?".
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაერო-ს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. მიწვეულთა სიაში თავდაპირველად ფიგურირებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიწვევა გაუუქმა.
მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების შესახებ ცნობა თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.
მოგვიანებით, მოსაწვევის გაუქმება ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში აშშ–ის საელჩომ გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა დაასახელა.
"ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და უარყოფითი რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ“, – განუცხადა დიპლომატიურმა უწყებამ "მთავარ არხს".
შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, მიღებაზე, როგორც წესი, მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ლიდერები, გარდა ისეთი სახელმწიფოებისა, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.
გასულ წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძის წინამორბედმა, "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართეს.


