
პაპუაშვილი – ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კობახიძის შესაძლო შეხვედრაზე: "ვერ გეტყვით, არ მგონია"
24/09/2024 13:31:33 პოლიტიკა
"ვერ გეტყვით, არ მგონია", – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაძლო შეხვედრის თაობაზე.
კერძოდ, ჟურნალისტმა მას მიმართა, "ახერხებს აშშ–ში ვიზიტით მყოფი პრემიერი ვინმესთან შეხვედრას?". საპასუხოდ პაპუაშვილმა შემდეგი აღნიშნა:
„იცით, რომ ირაკლი კობახიძე შეხვდა აშშ–ის ელჩს. ვერ გეტყვით, არ მგონია. დღის წესრიგი არ ვიცი".
მისივე თქმით, ეს არ არის ორმხრივი ვიზიტი.
"პრემიერის ვიზიტი შეეხება გაეროს ასამბლეას და იქ გამოსვლას, ამიტომ დღის წესრიგი სრულად დაკავშირებული გაეროსთან და არა — ორმხრივ ვიზიტთან“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის: აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ამ შესაძლებლობას ორმხივი შეხვედრებისთვისაც იყენებენ. ასე მაგალითად, გასულ წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძის წინამორბედმა, "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
რა შეხვედრები გამართა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში
- ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
- 18 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
- 18 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს შეხვდა.
- 18 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
- 18 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
- 19 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.
- 21 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა.
- 21 სეტქემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა.
- 21 სეტქემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა.
- 22 სექტემბრს ირაკლი ღარიბაშვილი მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ აბელას შეხვდა.
- 22 სექტემბრს ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.
- 22 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შეხვდა.
- ღარიბაშვილი 22 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრო.