პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

25-09-2024 12:09:22 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ მიღებაზე, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელით გაიმართება, პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.

პაპუაშვილის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება "პირველ რიგში, ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა" და "ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი გამოვლინებაა".

"როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. უკვე არასერიოზულია, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა, საერთო ჯამში, არასერიოზულია. ადმინისტრაციის მხრიდან რაც ვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა.

მეორეს მხრივ, ხანდახან რაც უფრო მკვახე თუ აუხსნელია ასეთი ქმედებები, ან რაც უფრო მძიმეა გარკვეული ქმედებები, ეს პირდაპირ ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. ეს გვაჩვენებს, რომ იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ოპოზიციას უბიძგოს და სალაპარაკო თემა მისცეს. სამწუხაროდ, ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის. რაც შეხება ზოგადად ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებთ. ერთი რამის თქმა შეიძლება, ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაერო-ს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. 24 სექტემბერს „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, მიწვეულთა სიაში თავდაპირველად ფიგურირებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიწვევა გააუქმა.

  • აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ამ შესაძლებლობას ორმხივი შეხვედრებისთვისაც იყენებენ. ასე მაგალითად, გასულ წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძის წინამორბედმა, "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

რა შეხვედრები გამართა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში

ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და დელეგაციასთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

  • 18 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
  • 18 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს შეხვდა.
  • 18 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
  • 18 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
  • 19 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.
  • 21 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა.
  • 21 სეტქემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა.
  • 21 სეტქემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა.
  • 22 სექტემბრს ირაკლი ღარიბაშვილი მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ აბელას შეხვდა.
  • 22 სექტემბრს ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს, ქსავიე ბეტელს შეხვდა.
  • 22 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შეხვდა.
  • ღარიბაშვილი 22 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები