ჩინელმა ექიმმა კორონავირუსი დეკემბერში დააფიქსირა, თუმცა დეზინფორმირებაში დასდეს ბრალი
04/02/2020 14:08:10 მსოფლიო
ჩინელმა ექიმმა ლი ვენლიანგმა კორონავირუსი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააფიქსირა და კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მაშინ დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი, - იუწყება CNN.
მისივე ცნობით, ექიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ცდილობდა, დღეს თავად არის ინფიცირებული, ხოლო მისი გაფრთხილებიდან ერთი თვის შემდეგ ვირუსს უკვე 20–ზე მეტ ქვეყანაში ებრძვიან.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება.


