კობახიძე: „ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის წარმოუდგენელია, საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება"
16/10/2024 07:11:28 პოლიტიკა
„ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის წარმოუდგენელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს, თითოეული ამომრჩეველი პასუხისმგებელია საკუთარ არჩევანზე. 2020 ან 2021 წელს რომ გაემარჯვა იმ ამომრჩევლის ხმას, რომელმაც მხარი დაუჭირა „ნაცმოძრაობას“ , „ლელოს", გახარიას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ამ შემთხვევაში საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. რაც შეეხება ამომრჩევლის დასჯას, ჩვენთვის ეს არ არის ის საკითხი, რაც შეიძლება განვიხილოთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ პოლიტიკური პარტიების გასამართლება, რომელიც წარმოადგენენ დაბრკოლებას დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების გზაზე. ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". საჭიროა, შესაბამისი პარტიების გასამართლება და არა მათი ამომრჩევლის გასამართლება. ბოლშევიკებს ბოლშევიზმი წარმოშობს, ფაშისტებს ფაშიზმი. ნებისმიერი არასწორი მიმდინარეობის მიმდევრებს წარმოშობს შესაბამისი მიმდინარეობა. უნდა ვებრძოლოთ არა ამომრჩეველს, არამედ დანაშაულის წყაროს. ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სინამდვილეში ჯაშუშები არიან. გარე დავალებების შესაბამისად მოქმედებენ“,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ დააანონსა „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება ძალაუფლების მეოთხე ვადით შენარჩუნების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" გამოდის წინადადებით, რომ არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა და გასამართლება უნდა მოხდეს, არამედ "აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილებაც და გასამართლებაც".
ამავე თემაზე: "საუბარია სხვადასხვა კატეგორიის პასუხისმგებლობაზე" - ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან.


