„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: "არჩევნების შემდეგ აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილებაც და გასამართლებაც"

15-10-2024 12:06:13 პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა და გასამართლება უნდა მოხდეს, არამედ "აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილებაც და გასამართლებაც".

"არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება! დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია! [...] საერთაშორისო სისხლის სამართალი დამნაშავედ მხოლოდ დანაშაულის უშუალო შემსრულებელს კი არ მიიჩნევს, არამედ მასთან ერთად დამნაშავეა ორგანიზატორიც, წამქეზებელიც და დამხმარეც. ასეთია საერთაშორისო და შესაბამისად, ქართული სამართლის პრაქტიკა. ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის აგიტაციას ეწევიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ხმას აძლევენ, ბუნებრივია, მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები, ამ შემთხვევაში, დამხმარეები, ანუ იმავენაირი დამნაშავეები არიან. გამოდის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული, დანაშაულში თანამონაწილეობის ყველა ფორმა და კონკრეტული სუბიექტები სახეზეა − დანაშაულის აღმსრულებლები (სსკ-ის 22-ე მუხლი) – „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების წარმომადგენლები. მეორე − დანაშაულის დამხმარეები, (სსკ-ის 24-ე მუხლის მესამე ნაწილი) ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ აგიტაციას, მხარს უჭერენ და ხმას აძლევენ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას (აღმსრულებელს) და ამით ხელს უწყობენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას“, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

მანამდე, ენმ–ის აკრძალვითა და გასამართლებით "ქართული ოცნება" დაემუქრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები