პრემიერი: "გამოძიებაზე საუბრით ცდილობენ, რომ მოვლენები ისე წარმოაჩინონ, თითქოს რაიმე განსაკუთრებული რისკები უკავშირდებოდა ამ არჩევნებს"
11/11/2024 12:46:55 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიების მოთხოვნა "თავსმოხვეული თემაა".
"ცესკომ მიმართა პროკურატურას, რომელსაც მყისიერი რეაგირება ჰქონდა და დაიწყო გამოძიება. შემდეგ იყო მოწოდება იგივე სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას შესაბამისი ჩვენება მიეცა პროკურატურისთვის, თუმცა ამისგან სალომე ზურაბიშვილმა თავი შეიკავა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს, არის ზეპირი საუბრები ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, სწორედ ამიტომ ვერ მიდიან პროკურატურაში გამოკითხვაზე. არ არსებობს არავითარი არგუმენტი. რაც შეეხება გამოძიების თემას, ესეც თავსმოხვეული თემაა, გამოძიებაზე საუბრით ცდილობენ, რომ მოვლენები ისე წარმოაჩინონ, თითქოს რაიმე მოხდა, თითქოს რაიმე განსაკუთრებული რისკები უკავშირდებოდა ამ არჩევნებს. სინამდვილეში ეს გამოძიება თითიდან გამოწოვილი თემაა. თუმცა ჩვენ ამ თემასაც რომელსაც გავყვებით. თუ სადმეა გამოსაძიებელი არჩევნები, ეს მოლდოვაა. როგორც ხედავთ არანაირი გამოძიება არ წარიმართება, მიუხედავად იმისა, რომ იყო უხეში დარღვევები საარჩევნო პროცესში. ასევე აშშ-ში. ხედავდით რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო პროცესი, პრაქტიკულად შტატების ძალიან დიდ ნაწილში ხმის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი. ძალიან ბევრ შტატში ხმის მიცემა პირადობის მოწმობის გარეშე ხდებოდა და მაინც და მაინც ისე აღმოჩნდა, რომ შესაბამის შტატებში ერთი კონკრეტული პარტიის კანდიდატი იღებდა მეტ ხმას, ვიდრე – მეორე კანდიდატი. თუ სადმე არის გამოსაძიებელი, გამოძიება ჯერ სხვა ქვეყნებით უნდა დავიწყოთ, რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენ აბსოლუტურად გახსნილი და ღია ვართ ყველაფრისთვის, ამის გამოვლინებაა პროკურატურის გამოძიებაც. პროკურატურა მარტივ რაიმეს აცხადებს, რომ მოდით, ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ გვჭირდება ამისთვის იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ. მაგრამ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ან არ მიდიან პროკურატურაში, ან თუ მიდიან ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.


