ბორელი: "დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები არ გამოაცხადეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, საჭიროა გამოძიება"
30/10/2024 14:46:03 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ "დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ გამოაცხადეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი".
“საქართველომ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელიც გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ეს საჭიროებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებას და გარკვევას. ამ დარღვევას სათითაოდ განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ისინი ბევრია. ზოგიერთი მათგანი ძალიან სამწუხაროა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები არ გამოაცხადეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. საჭიროა გამოძიება, რათა ნათელი მოეფინოს იმას, რა მოხდა, რა იყო დარღვევების მასშტაბი და როგორ მოახდინა ამან ზეგავლენა შედეგებზე.
კონსოლიდირებულ ტენდენციას ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში, რომ ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენი ანგარიში [გაფართოების შესახებ ანგარიში] ნათელ გზას სახავს კვლავ დაახლოებასთან დაკავშირებით, თუ იქნება [საქართველოს ხელისუფლების მხრიდან] პოლიტიკური ნება.
“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონის გაწვევა, ვინაიდან დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში – ეს იქნება კონკრეტული ერთგულების პირველი ნიშნები საქართველოს ლიდერების მხრიდან.
ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს, რაც სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს", - განაცხადა ბორელმა.


