„არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ვიცი, რომ იქნება კარგი ადამიანი“ - „ოცნებაში“ ყველა არ არის ინფორმირებული, ვის სთავაზობენ პრეზიდენტობას
26/11/2024 09:18:37 პოლიტიკა
მიუხედავად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებისა, რომ „გუნდში ძალიან დიდი ხანი მსჯელობის“ შემდეგ, 99%-ით ჩამოყალიბებულები არიან, თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ყველამ არ იცის ამის შესახებ. თუმცა, ამბობენ, რომ ქვეყანას ახალი წლისთვის უკვე ეყოლება მეექვსე პრეზიდენტი.
„ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერ, წინასწარ ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. [...] გამოვიყენებთ კანონით მინიჭებულ საშუალებას და ჩავნიშნავთ არჩევნებს, რომ ახალ წლამდე მოხდეს ახალი პრეზიდენტის არჩევა. [...] ვინ იქნება კანდიდატი, ინფორმაციას წინასწარ ვერ ვიტყვი, არ ვფლობ[...] მამუკა მდინარაძემ შეიძლება იცის, მე არ ვიცი“,- თქვა სადავო არჩევნებით დაკომპლექტებული პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიძემ.
კანდიდატის შესახებ არაფერი უთქვამს მის თანაგუნდელ ვლადიმერ ბოჟაძესაც. მხოლოდ თქვა, რომ „კანდიდატურა შერჩეულია. უახლოეს დღეებში სამართლებრივად მოხდება მისი წარდგენა“.
კითხვაზე, შერჩეული კანდიდატურის მხარდაჭერაში იყო განსხვავებული მოსაზრებები თუ ერთსულოვნება „ქართულ ოცნებაში“, მან უპასუხა: „საბოლოო გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული, ისევე, როგორც გადაწყვეტილება იქნება მიღებული მისი არჩევის თაობაზე“. მას ასევე ჰკითხეს შესაძლო კანდიდატებზე, რომელთა შესახებაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა არც დაადასტურა და არც უარყო.
მისი კოლეგა შოთა ხაბარელი მზადაა, „ოცნების“ მიერ წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუჭიროს მხარი:
„რომელი კანდიდატურაც იქნება წარმოდგენილი, ყველას დავუჭერ მხარს“.
მას ჰკითხეს, მთელი გუნდი მსჯელობდა კანდიდატზე, თუ კონკრეტულმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება?
„ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- ირწმუნება ხაბარელი. მას შემდეგ, რაც მას შეახსენეს მამუკა მდინარაძის განცხადება, თქვა „არ ვიცი, კონკრეტულად ვინ არის, მაგრამ ვიცი, რომ იქნება ნორმალური, კარგი ადამიანი, რომელიც ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი“.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით - არჩვნებზე ხმის მიცებით. მათ ნაცვლად მას 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც 300 კაცი შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან. პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია 200 ხმა. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
როგორც სადავო არჩევნებით დაკომპლექტებული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
პოლიტოლოგების ნაწილში არის მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" გაითვალისწინებს "შეცდომებს", "არ გაუმართლა" რა ორი პრეზიდენტის შემთხვევაში (მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები - გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატები იყვნენ და ორივესთან დაეძაბა ურთიერთობა) და "ერთგულების პრინციპით", "ფრთხილად" შეარჩებს კანდიდატს.
"შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოსო" - თქვა მდინარაძემ.
კონსტიტუციონალისტების ნაწილი ამ პროცესს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს რამდენიმე გარემოებაზე მითითებით:
- არჩევნების შედეგები ორი კონსტიტუციური პრინციპის (ფარულობა და საყოველთაოობა) დარღვევის საფუძვლით გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ.
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო ერთპარტიულად.
- იურისტები მიუთითებენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ამდენად, მათი შეფასებით, უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციური იყო და არაკონსტიტუციური იქნება მათ მიერ წარმოებული პროცესიც. შესაძლოა, ამ მიმართულებით კიდევ ერთი დავა წარიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანს. ის აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან ჟურნალისტებს კითხვის პასუხად უთხრა, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი კონსტიტუციით არის განსზღვრული.
„არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ, ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის“, - თქვა ლევან იოსელიანმა.


