"თუ რუსეთი და სირია პირობას არ შეასრულებენ, ჩვენი პასუხი უმკაცრესი იქნება"
11/03/2020 10:45:11 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და სირია იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას შეასრულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შურისძიებით იმუქრება.
"თუ სირია და რუსეთი ვერ შეძლებენ შეთანხმეით გათვალისწინებული პირობების დაცვას, ჩვენ უკან არ დავიხევთ, რომ მათ წინააღმდეგ აუცილებელი ზომები გავატაროთ. ჩვენ მხოლოდ პატარა თავდასხმით არ შემოვიფარგლებით, ჩვენი პასუხი უმკაცრესი იქნება", – განაცხადა ერდოღანმა მმართველ „განვითარების და სამართლიანობის პარტიასთან“ საუბრისას.
5 მარტს მოსკოვში რუსეთის და თურქეთის ლიდერებმა სირიის იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
- თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეებს - შესაბამისად, ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამასთან, ორივე მხარე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში დაზავების გარანტად პოზიციონირებს. თურქეთი ზავის დარღვევაში ასადის ჯარს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შედეგს არ იძლევა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში ასადის ძალების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა თურქეთი გააფრთხილა, ოპერაციის დაწყებისგან თავი შეეკავებინა.
- სირიის კონფლიქტში ჩართვას თურქეთი იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსეთთან შეთანხმებით მოწყობილ სადამკვირვებლო საგუშაგოებზე მყოფი თავისი სამხედროების დაცვის მოტივით ხსნის. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ ასადის ჯარები ებრძვიან ტერორისტებს, რომლებზეც ზავის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება.


