ირაკლი კობახიძე: ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული
24/10/2023 09:49:40 პოლიტიკა
ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ საკითხი არის რთული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება საკითხის მოგვარებაში ბოლომდეა ჩართული.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში, თუმცა საკითხი არის ურთულესი, საკითხი არის რთული. პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის ის შემთხვევა, სადაც ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს იმას, რომ აქ შედეგი მივიღოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც შეეხება ბებუას გათავისუფლებას, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს. თუმცა საკითხი არის რთული“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 19 ოქტომბერს "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" განაცხადა, რომ “ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”.
20 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ სარეჟიმო დაწესებულება, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა იმყოფება, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს. ბრალდების თანახმად,"ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც აფხაზეთის გამარჯვების წლისთავი აღინიშნებოდა". მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.


