ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მუქარისა და საქმეების თაროზე შემოდების არ ეშინია, აპირებს, ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს
24/10/2023 12:13:53 პოლიტიკა
ოპოზიციის რიგი წარმომადგენლებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, საუბრის მთავარი თემა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია იყო. მათივე თქმით, პრეზიდენტი თავად ისაუბრებს თუ რას გეგმავს ამ მიმართულებით.
„ლელოს“ წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ერთი რამ არის ნათელი, სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა".
„ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, მოახერხა ის, რომ ვერ იქნება მოწოდება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მოთხოვნის შესრულება ჩააგდო. ამიტომ, ახლა, გვჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერის იმპულსი, ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაზე იყო ჩვენი საუბარი. პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში თავად გააცნობს. ერთი რამ არის ნათელი, რომის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი აპირებს, რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, თუ როგორ, ამას თავად გაგაცნობთ“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
"რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარები და ბრალდებები და იგი აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა":
„ძირითადი თემა იყო ევროპული სტატუსი და ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები, ასევე იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარები და ბრალდებები. აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა. საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს. ასევე, ჩვენს რეკომენდაციებს მოუსმინა. მე ვკითხე იმაზე, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რას აპირებს პოლიტიკური თვალსაზრისით და შევთანხმდით, რომ ამაზე საუბარი დღეს მთავარი თემა არაა. მთავარი თემა ევროპული სტატუსია და ამ მიმართულებით ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს.
„საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს. ეს არის მისი ხისტი პოზიცია. ამბობს, რომ ნებისმიერი მუქარა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ეს არის ზემოქმედების მოხდენა სახელმწიფო ინსტიტუტზე, საქართველოს პრეზიდენტზე, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არ დაემორჩილება - არ ეშინია. თავის სამოქმედო გეგმებზე - როგორი იქნება მისი მომავალი, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიზიტები, გვითხრა, რომ ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანი წითლიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრას ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა და განხილვის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო.
"ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ვისაუბრეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. მათ შორის, მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა, რატომ არის ეს კანონი პრობლემური. ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა მან.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
"საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი და დარჩენილ დღეებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ. ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ის ისეა მოტივირებული როგორც ჩვენ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით 2019 წელს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება. მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ როცა პრეზიდენტს ამოეწურება ვადა მაშინვე მოხდეს სისხლისსამართლებრივი საქმის წამოწყება პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით.


