
ირაკლი კობახიძე: როცა პრეზიდენტს ამოეწურება ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს სისხლისსამართლებრივი საქმის წამოწყება
19/10/2023 10:23:26 პოლიტიკა
ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი, ხოლო როცა პრეზიდენტს ამოეწურება ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს სისხლისსამართლებრივი საქმის წამოწყება.
„საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი. რატომ არ აფინანსებდა ის ვიზიტებს ბიუჯეტიდან? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში, მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის წამოწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად. თუ კვლავ წავიდა ვიზიტით, საკუთარი ხარჯებით, ეს იქნება კონსტიტუციის მორიგი უხეში დარღვევა. კონსტიტუციაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონიც. რაც შეეხება კვალიფიკაციის მინიჭებას კონკრეტული ქმედებისთვის, ეს არის პროკურატურის საქმე“,-განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, 18 ოქტომბერს კობახიძემ არ გამორიცხა, რომ „კონსტიტუციის მორიგი დარღვევის“ შემთხვევაში პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს. იმავე დღეს მას პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? ამის იმედი ნუ გექნებათ".