14-05-2024 08:44:12 პოლიტიკა
ერთი დღით ადრე მანამ, სანამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის ვიზიტი დაიწყებოდა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იგი თბილისში "ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტს" ჩამოიტანდა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "აქცენტმა" თემის გარკვევის მიზნით სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარის თხოვნით მიმართა.
უწყებაში სანქციებს საკითხი არც დაადასტურეს და არც გამორიცხეს.
"როგორც წესი, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ და არც გამოვრიცხავთ სანქციებს", – განუცხადა "აქცენტს" აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
რაც შეეხება ო'ბრაიენის ვიზიტის მთავარ მიზანს სახელმწიფო დეპარტამენტმა მის მიერ 10 მაისს გავრცელებულ განცხადებაზე მიგვითითა.
თავად ო'ბრაიენი კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში 11 მაისს ასე გამოეხმაურა:
13 მაისს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 20:00 საათზე გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზად "ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება” დაასახელა:
ამავე პრეს–კონფერენციის დასასრულს მან შემდეგი აღნიშნა:
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პოლიციამ 13 მაისის დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის ამერიკის ორი მოქალაქე და რუსეთის ერთი მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება. პარალელურად, დღეს თბილისში მასშტაბური აქციაა დაანონსებული.