13-05-2024 18:08:48 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს", - ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაენი ჩამოდის საქართველოში. არსებული ინფორმაციით, მას საქართველოში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი ჩამოაქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება ივანიშვილსა და ო'ბრაიენს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს", - იუწყება "იმედი".
ამ ინფორმაციით დაიწყო ტელეარხმა 17:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება:
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოს ხვალ ეწვევა.
"ო'ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავად ო'ბრაიენი კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში 11 მაისს ასე გამოეხმაურა:
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება 13 მაისის დილის 6 საათისთვის დაიწყეს. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები სავარაუდოდ, დაკავებულ მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გაათენე საქართველოსთვის“ პარლამენტთან 12 მაისის 21:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების შეკრების მიზანი იყო უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს შენობასთან დარჩენა, რადგან 13 მაისის დილის 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა იმართებოდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა, „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პოლიციამ დღეს დილით პარლამენტთან აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება, მათ შორის რამდენჯერმე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. ამ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.
პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს ჯერ–ჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში ღამის საათებში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება შეურაცხმყოფელი წარწერები და პოსტერები.
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი თქვას „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.