04-10-2024 23:56:08 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განმარტა, რატომ გააუქმეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევა.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ მიღებაზე მოსაწვევები გაავრცელა 11 სექტემბერს. 17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებები გააკეთა, რომ მე ვუახლოვდები წითელ ხაზს და გააკეთა იმგვარი მინიშნება, რაც შეერთებული შტატების მიერ აღქმული იყო რაღაც ტიპის მუქარად ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით მოქმედებებზე. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა მიიღეს გადაწყვეტილება 11 სექტემბერს გაცემული მოწვევის გაუქმებაზე",- თქვა ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან".
მან თქვა, რომ აშშ-ს არ მოსწონს შექმნილი ვითარება:
"არის ეს ის მდგომარეობა, რომელშიც შეერთებულ შტატებს სურს ყოფნა? საქართველოს შემდგომი იზოლაცია მისი ყველაზე ძლიერი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან, ევროკავშირისგან, ევროკავშირის მიერ მუდმივად ლაპარაკი შეჩერებულ გაწევრიანების პროცესზე - ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო გზა ურთიერთობების სწორ გეზზე დასაბრუნებლად. ვფიქრობ, მთავრობამ იცის, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ და ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას გააკეთებენ".
ელჩი საუბრიბს პრემიერ-მინისტრთან 16 სექტემბრის შეხვედრაზე. მანამდე აშშ-მა საქნციების მორიგი ტრანში გამოაცხადა. კერძოდ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე პირველად შეიყვანა ე.წ. "მაგნიტსკის სიაში". სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
17 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციამ კობახიძის და ელჩის შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერდა: "აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს".