04-10-2024 23:26:44 პოლიტიკა
ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს,- ამბობს საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
"მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს - მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ მსურს ამ ურთიერთობების გაუმჯობესება. სიმართლეა ისიც, რომ მთავრობისთვის გაცხადებული მაქვს, რომ „გლობალური ომის პარტიის“ მოხმობა არის დეზინფორმაცია. ის, რომ აშშ-ის მთავრობა, პრეზიდენტი, სხვები განიცდიან „გლობალური ომის პარტიის“ ზეგავლენას, არის ყოველგვარი სიმართლისგან დაცლილი, უცნაური შეთქმულების თეორია. ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც არის დემოკრატიულად არჩეული, ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელიც დამტკიცებულია ორპარტიული სენატის მიერ, მე - ელჩი, რომელიც ვარ პრეზიდენტის წარმომადგენელი, აგრეთვე ვარ დამტკიცებული ორპარტიული სენატის მიერ, ვახორციელებთ პოლიტიკას ამ ქვეყნის მიმართ, როგორც დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობა. ასე ვაწარმოებთ პოლიტიკას აშშ-ში და არა რომელიღაც უცნობი ძალის გავლით, რომლის შესახებაც სინამდვილეში არავის სმენია",- თქვა ელჩმა.
მან გაიხსენა, რომ ბოლოს პრემიერ- მინისტრს 16 სექტემბერს შეხვდა.
"ჩვეულებრივ არ განვიხილავდი იმას, თუ რაზე ვიმსჯელეთ კერძო შეხვედრაზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კომენტარი ამ შეხვედრის შემდეგ. ასე რომ, გამართლებული იქნება, თუკი მე გავაკეთებ კომენტარს მის ნათქვამზე, რომლის მიხედვითაც მან მითხრა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით რაღაც სახის წითელ ხაზს და რომ იქნებოდა რაღაც შედეგები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. იცით, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება საქართველოს ხალხის ინტერესებში იყოს ასეთი კომენტარი ან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვისკენ მიმართული ქმედება. საქართველოს ხალხის 80-დან 90 პროცენტამდე აცხადებს, რომ სურთ დაახლოება დასავლეთსა და ევროკავშირთან. საქართველოს ამ მთავრობამ 2022 წელს პროაქტიულად გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი. ეს არ არის საქართველოს მთავრობაზე ან საქართველოს ხალხზე რაღაც თავსმოხვეული დასავლეთისგან. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ხალხის ინტერესებში იყოს განცხადებები აშშ-სთან ურთიერთობების გაწყვეტაზე ან შეცვლაზე. შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო, რომ ეს არის ერთი ან ორი ადამიანის ინტერესებში, ვისაც არ სურს ამ ქვეყანამ ვერ მიაღწიოს იმ შედეგს [ევროკავშირში ინტეგრაციას]. შემიძლია წარმოვიდგინო, თუმცა სხვა მხრივ ამას ახსნა არ გააჩნია",- თქვა ელჩმა.
ელჩი ამბობს, რომ არასდროს შეხვედრია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს:
"არასდროს შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა, ისევე, როგორც სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში და მან უარი განაცხადა ყველა შეხვედრაზე. ვფიქრობ, პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. და მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ დაგვიწესებია ფინანსური სანქციები ბატონი ივანიშვილისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის. ვიცი, იყო ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ეს გავაკეთეთ, თავად მან [ივანიშვილმა] განაცხადა, რომ მის მიმართ არის დე ფაქტო სანქციები, რაც არ არის სიმართლე. მას აქვს საკუთარ ფულთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები „კრედიტ სუისთან“ და როგორც ჩვენი საელჩოს პოსტში განვაცხადეთ, ის საქმეები განიხილება სასამართლოებში, ბერმუდასა და სინგაპურში და არა აშშ-ის მთავრობასთან. მისი საერთაშორისო ადვოკატები იმის თაობაზე არ დავობენ, რომ ჩვენ მას [ივანიშვილს] დე ფაქტო სანქციები დავუწესეთ. ასე რომ, ეს უბრალოდ არ არის სიმართლე. არ ვიცი რატომ შეიძლება საკუთარ ფულზე რაღაც აღქმის გამო, ჩვენთან გულწრფელ, პირდაპირ საუბარზე უარს აცხადებდეს პარტიის საპატიო ლიდერი და თავმჯდომარე თუ, მრავალი თვალსაზრისით, ამ მთავრობის ლიდერი - საქართველოს პარტნიორებთან, რომლებსაც 32 წლის განმავლობაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გარდა არაფერი უკეთებიათ".
რაც შეეხება ივანიშვილის სანქცირების თაობაზე "ამერიკის ხმის" ინფორმაციას, ელჩმა თქვა, რომ "ჩვენ არასდროს ვაანონსებთ სანქციებს":
"ასე რომ, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ჩვენ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. თუმცა, გავიმეორებ, რაც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვისას, არ გამოვრიცხავთ საგარეო პოლიტიკის ჩვენს ხელთ არსებული არც ერთი ინსტრუმენტის გამოყენებას და ამ ინსტრუმენტებს შორის არის სანქციებიც".