ნიგერიაში „პლაქვენილის“ თვითნებურად მოხმარების გამო სამი ადამიანი მოიწამლა
23/03/2020 11:39:11 მსოფლიო
ნიგერიაში სამი ადამიანი „პლაქვენილის“ [„ჰიდროქსილქლოროკინი“] თვითნებურად მოხმარების გამო მოიწამლა, – იუწყება CNN.
„მას შემდეგ, რაც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ „ჰიდროქსილქლოროკინი“ ეფექტურია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალოდ, მოქალაქეებმა ამ პრეპარატის პანიკური შესყიდვა დაიწყეს. მისი ფასი უკვე დაახლოებით 400%–ით გაიზარდა. გარდა ამისა, ხალხმა „ჰიდროქსილქლოროკინის“ გამოყენება თვითნებურად დაიწყო, რაც კატეგორიულად დაუშვებელია“, იუწყება CNN ნიგერიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის არაერთმა წარმომადგენელმა უმკაცრესად გააფრთხილა ქვეყნის მოსახლეობა, რომ აღნიშნული პრეპარატის ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება დაუშვებელია.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.


