"თეირანი ფსონს ირანულ-სომხურ-ქართულ ფორმატზე დადებს" – რას ფიქრობენ ზარიფის ვიზიტზე ანალიტიკოსები

27-01-2021 00:27:27 ანალიზი

ბაქოსა და მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, 27 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ტურნეს საქართველოში სტუმრობით გააგრძელებს. თავად ვიზიტის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიძებნება, თუმცა, აზერბაიჯანსა და რუსეთში დასუმლი აქცენტებიდან შეიძლება, ვარაუდი, რა თემებზე იქნება ფოკუსირებული თბილისისა და თეირანის წარმომადგენლების შეხვედრა. მოჰამედ ჯავად ზარიფმაც აღნიშნა, რომ მისი რეგიონული ტურნეს მიზანი კავკასიაში თანამშრომლობის ექვსმხრივი ფორმატის ჩამოყალიბებაა (რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი).

ინფორმაციისთვის: გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელი იქნებოდა “ექვსთა პლატფორმის” ჩამოყალიბება სახელმწიფოებს შორის «თანამშრომლობის განსავითარებლად”. ამ ინიციატივას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც უჭერს მხარს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი “კავკასიური პლატფორმის” მნიშვნელობა აღნიშნა, რითაც დაიმსახურა მორიგი ბრალდებები, ამჯერად – “კავკასიიდან დასავლეთის განდევნის მცდელობაში”. თუმცა მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა აღქმული და «ძალზე ძნელია, ისაუბრო ერთიან პლატფორმაზე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტი შიდა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის ფონზე ჩაივლის: თბილისი შიდა პრობლემებზეა ფოკუსირებლი.

ჯეიმს თაუნის ფონდის ანალიტიკოსი რუსეთის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და პოლიტიკური ისლამის საკითხებში რაჰიმ რაჰიმოვი „აქცენტთან“ ინტერვიუში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის ტური რუსეთს, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მოიცავს - ყველა იმ 6 ქვეყანას, რომელთა თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის ინიციატივითაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ გამოვიდა. ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ირანი რეგიონში ვითარების გარდაქმნაში საკუთარი პასიური როლით უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ თეირანი მეზობელ ქვეყნებში ომის შემდგომი განწყობების მოსინჯვას ცდილობს:

„ყარაბაღის მეორე ომი ყველა ამ ქვეყნის ინტერესებს ეხება ან გავლენას ახდენს მათზე სხვადასხვა გზით. საინტერესოა, რომ თავისივე არჩევანის შესაბაისად, დასავლეთი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ირანს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მისი ჩართულობის მიუხედავად, არ ჰქონია გავლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, თეირანი უკმაყოფილოა ირანის ჩართულობის გარეშე რეგიონში სიტუაციის გარდაქმნის გამო. ამიტომ, ეს ტური, უპირველეს ყოვლისა, შექმნილია ამ ქვეყნების დედაქალაქებში ომისშემდგომი განწყობებისა და გრძნობების მოსასინჯად, და იმის გასარკვევად, არის თუ არა ირანული ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით, ვიზიტს აქვს ერთგვარი კვლევის ხასიათი ირანის განახლებული, ომის შემდგომი ორმხრივი ან მრავალმხრივი რეგიონული დღის წესრიგის შესაქმნელად“.

რაც შეეხება ზარიფის უშუალოდ თბილისში ვიზიტს, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თეირანი „უპასუხებს საქართველოს წუხილს სამმხრივი შეთანხმებების [ბლოკირებლი დერეფნების გახსნა – რედ.] შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, რეგიონალური სატრანზიტო ხაზების შესახებ:

„მოვლენათა განვითარების ჩემი ანალიზით, ამ კონტექსტში ირანი დაინტერესებულია, ჩამოაყალიბოს ან გააძლიეროს სამმხრივი პარტნიორობა სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით. ეს შეიძლება, პერსპექტიულად ჟღერდეს თბილისისთვის არსებულ ვითარებაში, მაგრამ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს თავისი დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში. ამდენად, განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, რა პოლიტიკა ექნება, რამდენად შორს წავა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან დამოკიდებულებაში. ამრიგად, ჯავად ზარიფის თბილისში ვიზიტის მთავარი მიზანი არის დღის წესრიგის დამყარება, რომელიც ფსონს დადებს ირანულ-სომხურ-ქართულ ფორმატზე რუსული, აზერბაიჯანული და თურქული გავლენის საპირწონედ. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ექვსი მხრის თანამშრომლობის პლატფორმის რიტორიკის საფარქვეშ“.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ამგვარი პარტნიორობა არა ქართული, არამედ ირანული განზრახვაა:

„მჯერა, ჯავად ზარიფი თბილისში ამ იდეის ლობირებას შეეცდება და უპასუხებს საქართველოს წუხილს სომხეთ-აზერბაიჯანი-რუსეთის სატრანზიტო შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორი იქნება საქართველოს პასუხი ირანის შეთავაზებაზე. თბილისს მოუწევს, მხედველობაში მიიღოს ამერიკული, ევროპული და თურქულ-აზერბაიჯანული ფაქტორები“.

რაც შეეხება საქართველოსთვის პოტენციურ სარგებელს, ანალიტიკოსის აზრით, მას შესაძლოა, სურდეს პარტნიორობის დივერსიფიცირება:

„ირანისთვის ეს უფრო გეოპოლიტიკური განსჯის საგანია, ხოლო საქართველოსთვის - პრაგმატული, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხი. ჩემი აზრით, საქართველოსთვის მეტი სარგებლის მომტანია სომხეთთან და აზერბაიჯანთან სამმხრივ ფორმატში ჩართვის მცდელობა და ვფიქრობ, ირანის ერთ-ერთი მიზანი იქნება, პროაქტიულად უპასუხოს ასეთ სცენარს“.

ანალიტკოსი ხსენებულ ფორმატთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსი – პატარა ქვეყნებია, თუმცა, ამგვარი [აზერბაიჯანულ-სომხურ-ქართული–რედ.] სამმხრივი ფორმატი ხელს შეუწყობს რეგიონალოზმს სამხრეთ კავკასიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი სახელმწიფოები რეგიონს დაშლამდე მიიყვანენ:

„საქართველო უნიკალურ პოზიციაშია: მას კარგი ურთიერთობა აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, შესაბამისად, შეუძლია, ასეთი სამმხრივი ადგილობრივი ფორმატის წარმართვა. საქართველოს პოზიტიური საერთაშორისო რეპუტაცია დაეხმარება, ისარგებლოს ომის შემდგომი ვითარებით, როგორც რეგიონის სამმხრივი ურთიერთობის წარმმართველმა“.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, რუსეთის საგარეო და სამხედრო პოლიტიკასა და სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი ფუად შაჰაბაზოვი „აქცენტთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ირანს სურს, ახალი გეოპოლიტიკური წესრიგით ისარგებლოს. იგი ამავე კონტექსტში განიხილავს ირანელი დიპლომატის ტურნესაც:

„მინისტრ ზარიფის რეგიონალური ტურნე ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ნამდვილად უკავშირდება სამხრეთ კავკასიის ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგს. 44-დღიანმა ომმა და აზერბაიჯანის გამარჯვებამ სავარაუდოდ, შეცვალა არა მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი, არამედ შიდარეგიონალური სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა: მოწმენი გავხდით, რომ ომის დროს ირანი აღმოჩნდა, როგორც კონფლიქტის თამაშგარე მოთამაშე. თუმცა, ახლა ირანს სურს, ისარგებლოს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგით: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებამ გახსნა ახალი სატრანზიტო მარშრუტები და დერეფნები, რომლებიც აკავშირებს რუსეთ-აზერბაიჯან-თურქეთსა და სომხეთს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს არც მინისტრ ზარიფის ტურნე და არც მისი განცხადებები, მაგალითად, როგორიცაა "ირანულ კომპანიებს სურთ, მონაწილეობა მიიღონ ყარაბაღის რეგიონის აღმშენებლობაშიო". აშკარაა, რომ ირანი ასევე დაინტერესებულია სახმელეთო მარშრუტების შემუშავებით, ერთის მხრივ, ეს გულისხმობს აზერბაიჯან-საქართველოს, მეორეს მხრივ – სომხეთს“.

ფუად შაჰაბაზოვის ანალიზის თანახმად, ირანი აცნობიერებს ნახჭევანის დერეფნის გახსნის უარყოფით როლს საქართველოსა და ირანისთვის, ხოლო მნიშვნელოვნად პოზიტიურს – რუსეთის შემთხვევაში: თეირანს აწუხებს, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის დამოკიდებულება ირანის ტერიტორიის, როგორც "სატრანზიტო პუნქტისადმი" მნიშვნელოვნად შემცირდება. ამდენად, ანალიტიკოსის დაკვირვებით, ახლა ირანისთვის პრიორიტეტულია, საქართველოსა და აზერბაიჯანს თანამშრომლობის კიდევ ერთი ფორმატი შესთავაზოს.

„ვინაიდან ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი აქტორია, თურქეთი და აზერბაიჯანი შეეცადნენ, დაემშვიდებინათ თეირანი ახლადინიცირებული "ექვსწევრიანი თანამშრომლობის" პლატფორმაში გაერთიანებით. თუმცა, მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ამ ფორმატში ირანის მონაწილეობის მიმართ: მაღალია ალბათობა, მინისტრი ზარიფი თბილისში ვიზიტის დროს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ფორმატს განიხილავს. დიახ, ირანს შეუძლია, "ექვსწევრიანი თანამშრომლობის" ფორმატი განიხილოს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თეირანი ამ ფორმატის ნაწილად გახდომისკენ ისწრაფვოდეს, რადგან ძალიან მცირეა შანსი, მან აქედან ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი მიიღოს“.

რაც შეეხება თბილისისა და თეირანის სათანამშრომლო მიმართულებებს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ეს ძირითადად შეეხება ლოჯისტიკასა და სატრანზიტო მარშრუტს, როგორიცაა შავი ზღვაზე წვდომა და საქონლის ექსპორტი საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები