“რუსეთი მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოს და რიგი ევროპული ქვეყნების სწრაფვას, ჩაერთონ ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში”

26-01-2021 20:04:59 კავკასია

რუსეთი “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოს და რიგი ევროპული სახელმწიფოების სწრაფვას, ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენაში”, - განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგა მოჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

ამ კონტექსტში მან კომენტარი გააკეთა იმ ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით «რეგიონული ურთიერთობების ახალი რეალობის გათვალისწინებით ჩამოყალიბებისკენ ისწრაფვონ».

«ახალი რეალობა კი ისაა, რომ მსოფლიოს ამ ძალზე მნიშვნელოვან წერტილში ომი აღარ არის და არსებობს შეთანხმებები ყველა ბლოკადისა და ნორმალური ცხოვრების ხელისშემშლელი სხვა შეზღუდვების მოხსნის თაობაზე», – განმარტა მინისტრმა.

ამასთან, ლავროვის მტკიცებით, «რუსეთის, ირანის, თურქეთის გარდა, კიდევ ბევრია მსურველი, მონაწილეობა მიიღოს ყარაბაღისა და მის ირგვლივ ეკონომიკის აღდგენის პროცესში, მათ შორის – ევროპული ქვეყნებიდან.

“ვფიქრობ, ეს მხოლოდ მისასალმებელია. აქ მთავარია, ყველა გარე მოთამაშემ იფიქროს, უპირველესად, იმაზე, რომ ახლა ძალზე მნიშნელოვანია ამ რეგიონის სამომავლო ყოფის მძლავრი და სანდო ფუნდამენტის შექმნა. ეჭვი არ გვეპარება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დაინტერესდება ამ პროექტებში ჩართვით. რუსეთი ასევე უშუალო მონაწილეობას მიიღებს იმ ძალისხმევაში, რომელიც ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შესახებ მიღწეული შეთანხმებებიდან გამომდინარეობს და ამმხრივ უკვე კონკრეტული მონახაზებიც არსებობს», – დასძინა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.

მანამდე მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ მისი რეგიონული ტურნეს მიზანი კავკასიაში თანამშრომლობის ექვსმხრივი ფორმატის ჩამოყალიბებაა (რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი). ბაქოსა და მოსკოვში ვიზიტების შემდეგ ზარიფი საქართველოს, სომხეთსა და თურქეთსაც ეწვევა.

გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელი იქნებოდა “ექვსთა პლატფორმის” ჩამოყალიბება სახელმწიფოებს შორის «თანამშრომლობის განსავითარებლად”. ამ ინიციატივას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც უჭერს მხარს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი “კავკასიური პლატფორმის” მნიშვნელობა აღნიშნა, რითაც დაიმსახურა მორიგი ბრალდებები, ამჯერად – “კავკასიიდან დასავლეთის განდევნის მცდელობაში”. თუმცა მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა აღქმული და «ძალზე ძნელია, ისაუბრო ერთიან პლატფორმაზე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები