15-09-2022 10:10:49 კავკასია
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მიღწეულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
მას არ დაუკონკრეტებია, ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში.
აზერბაიჯანის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 სექტემბრის 20:00 საათიდან საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად, შეწყდა ყველა მიმართულებით და არც ღამის განმავლობაში დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა სიცრუე უწოდა გავრცელებულ ცნობებს, რომ სომხეთის ზოგიერთი დასახლებული პუნქტი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა.
14 სექტემბერს, ღამით ერევანში საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანთან სომხეთის ინტერესთა საზიანო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. პარლამენტთან შეკრებილებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.
14 სექტემბერს, დღისით, პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობაა მშვიდობის დასამყარებლად რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ ნიშნავს სომხეთის ინტერესთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ფაშინიანის თქმით, სურთ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლის გამოც შესაძლოა, ბევრმა გააკრიტიკოს, მოღალატე უწოდოს და ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორება გადაწყვიტოს, მაგრამ მადლობელი იქნებიან, თუ ამის შედეგად სომხეთის რესპუბლიკა მიიღებს მყარ მშვიდობას და უსაფრთხოებას 29.8 ათას კვადრატულ კილომეტრზე.
მოგვიანებით ფაშინიანმა განაცხადა, რომ არანაირი კონკრეტული დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის.
იხილეთ ასევე: თუ აზერბაიჯანი ახლა გაჩერდა და წინსვლა არ განაგრძო, ეს ორი რამით შეიძლება, აიხსნას – შარაშენიძე