14-09-2022 22:40:38 კავკასია
სომხეთის პრემიერ–მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით სომხური საზოგადოების აღშფოთებული ნაწილი ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ სპონტანურ საპროტესტო აქციას მართავს,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
აქციის მონაწილეებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
„ნიკოლი მოღალატე!“ – სკანდირებენ მოქალაქეები.
აღშფოთების მიზეზი გახდა დღეს, დღის პირველ ნახევარში, პარლამენტის წინაშე სიტყვის გამოსვლისას ფაშინიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ "თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, მშვიდობისთვის რთული გადაწყვეტილებები მიიღოს":
"გვსურს, ხელი მოვაწეროთ ქაღალდს, რის გამოც გაგვაკრიტიკებენ, დაგვწყევლიან, მოღალატეებად შეგვრაცხავენ, და შესაძლოა, ხალხმა გადაგვაყენოს კიდეც, თუ შედეგად სომხეთის რესპუბლიკა, რომლის ფართობი 29 800 კვადრატული კილომეტრია, მიიღებს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ხელს მოვაწერ გადაწყვეტილებას, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არ მაინტერესებს, რა მომელის პირადად მე, მაინტერესებს, რა მოელის სომხეთის რესპუბლიკას".
მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ იყო და არ იქნება ხელმოწერილი არავითარი დოკუმენტი.
"ძვირფასო თანამემამულეებო, მოგიწოდებთ, არ წამოეგოთ მანიპულაციებს. არავითარი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია და არც ვაპირებთ გაფორმებას. ეს არის საინფორმაციო დივერსია, რომელიც არკეთილმოსურნე გარე ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგობის გასატეხად განახორციელეს" - წერს ფაშინიანი "ფეისბუქში" ოფიციალურ გვერდზე.
იხილეთ ასევე: „როგორც გაირკვა, რუსეთმა შეცდომა დაუშვა, რაც უკან ძალიან ცუდად უბრუნდება“: ძალთა ბალანსის ცვლილების პერსპექტივა კავკასიაში