14-09-2022 19:48:07 კავკასია ,ინტერვიუ
აგვისტოს ბოლოს ბრიუსელში, სამმხრივ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რეგიონში მშვიდობით დაინტერესებულ საზოგადოებაში გააჩინა ფრთხილი ოპტიმიზმი ვითარების სტაბილიზაციისა და მხარეების თანამშრომლობის ეტაპზე გადასვლის თაობაზე, თუმცა 13 სექტემბრის მოვლენებმა, რომელიც ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მორიგ ჯერზე დაადასტურა, თუ რამდენად მყიფეა რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოების გარემო. ამჯერად აზერბაიჯანმა, წინა შეიარაღებული ინციდენტებისგან განსხვავებით (მაშინაც და ახლაც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ესკალაციის პროვოცირებაში), ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) წევრ და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორის – სომხეთის სასაზღვრო ზონაში არტილერია გამოიყენა და როგორც ერევანი იუწყება, დაბომბვა ამჟამადაც გრძელდება. ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ ბაქო ამჟამად მომენტით სარგებლობს, თუმცა აშშ–ში გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთი ცდილობდეს კონფლიქტის გამწვავებას ცივილიზებული სამყაროს ყურადღების უკრაინიდან გადატანის მიზნით. ამ შეფასებას არ იზიარებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე: „იდეაში, სამშვიდობო გარანტად თავად იქცა 2020 წლის შემდეგ და არ მესმის, [დაპირისპირება] რაში უნდა აწყობდეს რუსეთს“.
თორნიკე შარაშენიძე: აზერბაიჯანი სარგებლობს, რომ რუსეთი მთლიანად გადართულია უკრაინაზე და ცდილობს, საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ფაქტია, აზერბაიჯანს სურს, ყარაბაღი მთლიანად დაიბრუნოს. ამისთვის კარგი დრო იპოვა და გადავიდა შეტევაზე. მას რომ უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს, ვიდრე სომხეთს, ეს ყველამ დაინახა და ვიმეორებ, სურს, საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ვფიქრობ, ამით უნდა აიხსნას ეს ყველაფერი. რაც შეეხება რუსეთს, მას ახლა არ აქვს თავი, როგორც მშვიდობის გარანტმა, აზერბაიჯანი გააჩეროს. ბაქოც ამით სარგებლობს.
– არა ყარაბაღში, არამედ სასაზღვრო ზონაში მოხდა შეტევა – ОДКБ–ს წევრი ქვეყნის სოფლები იბომბება. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ეს ორგანიზაცია იდეაში მოიაზრებს კოლექტიურ თავდაცვას...
– სწორედ ამაშია საქმე, რომ რუსეთს რეალურად არ სცალია ამისთვის. რესურსიც არ აქვს, რომ თუ რამე, აქეთ გადაისროლოს ჯარი.
– თუ ყარაბაღზე ვსაუბრობთ, უშუალოდ სასაზღვრო ზონაში რატომ არის აქტივობა? აქ ზანგეზურის დერეფანზეა [აზერბაიჯანის ინტერესია, წვდომა ჰქონდეს საკუთარ ექსკლავთან – ნახიჩევანთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთს ესაზღვრება, მას კი სომხური რეგიონი სიუნიქი აშორებს. აზერბაიჯანის და თურქეთის სურვილია, თავად გააკონტროლონ დერეფანი, რაც ცხადია, არ შედის სომხეთის ინტერესებში. მისი პოზიციაა, რომ კონტროლი თავად განახორციელოს. ამასთან, რუსეთი არ იყო დერეფნის გახსნის წინააღმდეგი, თუმცა თავად სურს, უზრუნველყოს მისი „უსაფრთხოება“, ხოლო სომხეთის მოსაზღვრე ირანი მის საზღვართან მსგავსი აქტივობების წინააღმდეგია – რედ.] აქცენტი, ამის გაჭრას ცდილობს?
– რა თქმა უნდა, მისთვის ზანგეზურის დერეფანი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მგონია, სომხეთში შეიჭრას და დერეფანი გაჭრას. უბრალოდ, ცდილობს, სომხები დათმობაზე წამოიყვანოს – მე ასე ვხედავ.
– ანუ 2020 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრლების დაჩქარებაზე?
– მინიმუმ – დერეფნის გახსნა და ყარაბაღის დაბრუნებაც, რადგან ასეთ კარგ დროს აზერბაიჯანი ალბათ, კიდევ დიდ ხანს ვერ ჩაიგდებს ხელში – რუსეთს არანაირად არ სცალია. ხომ ნახეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 13 სექტემბრის განცხადება: იყო უგერგილო მოწოდება, „მშვიდობით, დიპლომატიური გზით გადაწყდესო“ – არანაირი მუქარა აზერბაიჯანის მისამართით. მათ რომ ახლა რამის თავი ჰქონდეთ, გაცილებით მკაცრი განცხადება იქნებოდა – იქნებოდა პირდაპირი მუქარა, როგორც ვართ მიჩვეულები მათგან, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ანუ ახლა აშკარად არ აქვთ ამის თავი, ძალიან უჭირთ უკრაინის ფრონტზე.
– ირანიც არ უნდა იყოს კმაყოფილი ამ პროცესებით...
– ცხადია. ირანს ზოგადად არ აწყობს აზერბაიჯანის გაძლიერება და მისი რეგიონულ მოთამაშედ ქცევა: ირანში ძალიან დიდი აზერბაიჯანული უმცირესობა ცხოვრობს და ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ აზერბაიჯანის გაძლიერება გამოიწვევს თვითონ ირანის შიგნით აზერბაიჯანული უმცირესობის სწრაფვას, აზერბაიჯანს მიუერთდნენ. ამიტომაც, როდესაც დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ კიდევ 30 წლის წინ, ირანი რეალურად სომხეთს უფრო ეხმარებოდა, არ სურდა რა აზერბაიჯანის გაძლიერება. ვნახოთ ახლა ირანი რა განცხადებებს გააკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, ის ამ ომში ასე მარტივად ვერ ჩაერევა – არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ეს არის სახელმწიფო, რომელიც დიდი ხანია, თავდაცვაზეა გადასული და ჯარი გაუშვას სომხეთის დასახმარებლად, ამ ეტაპზე პრაქტიკულად, წარმოუდგენლად მიმაჩნია. თუმცა, ცხადია, რაც ახლა ხდება, არ სიამოვნებთ.
– ამასთან, არსებობს თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანს უმაგრებს ზურგს...
– დიახ. ეს უკვე თურქეთთან [ირანის–რედ.]კონფლიქტსაც ნიშნავს...
– რუსეთის განცხადება მოვისმინეთ, რომელმაც მხარეებს დიპლომატიისკენ მოუწოდა, ОДКБ (რომელიც მოიაზრებს კოლექტიურ თავდაცვას, თუმცა ფაქტია, რომ ეს მუხლი არ ფუნქციონირებს), რომელსაც დახმარების თხოვნით მიმართა ერევანმა, წარმომადგენლობას გზავნის სომხეთში, „ადგილზე შევისწავლით ვითარებასო“, ამის გათვალისწინებით, მოვლენათა რა განვითარებას უნდა ველოდოთ?
– თუ აზერბაიჯანი ახლა გაჩერდა და წინსვლა არ განაგრძო, ეს ორი რამით შეიძლება, აიხსნას: მიდის მოლაპარაკებები სომხეთთან, ან მეორე – ნაკლებად სავარაუდო, რომ დახურული არხებით სთხოვა რუსეთმა გაჩერება. მე პირველი უფრო მგონია, რადგან ვფიქრობ, ახლა აზერბაიჯანი რუსეთს რეალურად არ უწევს ანგარიშს: ОДКБ–ს ხერხემალი, როგორც ყოველთვის ითვლებოდა, იყო რუსეთი, ისევე როგორც, NATO–ს ხერხემალია ამერიკა. რუსეთს ამ ეტაპზე არაფრის თავი არ აქვს. შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვი, აზერბაიჯანს ასეთი კარგი შანსი ალბათ არასდროს ჩაუვარდება ხელში. ამდენად, არ მგონია, ამ ეტაპზე მან რუსეთს გაუწიოს ანგარიში და მგონია, რომ სომხეთთან შედგება მოლაპარაკებები დათმობაზე.
– 2020 წელს არ იყო რუსეთი მსგავს მდგომარეობაში, მაგრამ არ დაუცვია თავისი სტრატეგიული პარტნიორი – სომხეთი...
– მაშინ სუსტი არ იყო რუსეთი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რა მოხდა 2020 წელს, რით აიხსნებოდა რუსეთის პასიურიბა: ჯერ ერთი, აზერბაიჯანმა ძალიან კარგი სამუშაო გასწია მოსკოვში – ჰქონდა ლობირება, როგორც ეს მას სჭირდებოდა, დიდი რაოდენობით იარაღი შეისყიდა რუსეთისგან და მისთვის კარგი, საჭირო პარტნიორი გახდა. მეორე – ფაშინიანი არ მოსწონდათ რუსებს მისი პროევროპული მისწრაფებების გამო. გარდა ამისა, ფაშინიანმა პოლიტიკურ ოპონენტებს დაუწყო დევნა, რომელთაც ხელს პირადად პუტინი აფარებდა და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი – რუსეთში იფიქრეს, „მოდი, იომონ აზერბაიჯანელებმა, თუ რამის თავი აქვთ, რას იზამს ისეთსო“. როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ აზერბაიჯანი იომებდა, თუმცა ამას ვერაფერიც ვერ მოჰყვებოდა. როდესაც ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ აზერბაიჯანი ლამის ბოლოში გავიდა (აზერბაიჯანი მიუახლოვდა სტეფანაკერტს [არაღიარებული ყარაბაღის ცენტრი], ანუ „წითელ ხაზს“), შემდეგ გააჩერეს. აი, ეს მოხდა, რაც საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მათი მხრიდან შეცდომა იყო: მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიას ომი არ შეხებია, შესაბამისად, რუსეთს არ ჰქონდა ვალდებულება, დახმარებოდა ერევანს, მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ რუსეთმა თავისი მოკავშირე მიაგდო და ეს ფაქტია. ახლა ეს მას ძალიან ცუდად უბრუნდება უკან.
– მას შემდეგ ჩვენ უშუალოდ სომხეთის სასაზღვრო ზონაშიც ვიხილეთ შეტაკებები, მაგრამ არც მაშინ შეუწუხებია თავი რუსეთს...
– ამაშია საქე – რეალურად მიაგდო [სტრატეგიული პარტნიორი სომხეთი], ხოლო როდესაც აზერბაიჯანმა ამხელა ტერიტორიები დაიბრუნა, მისი [რუსეთის – რედ.] აღარ ეშინია იმდენად. აზერბაიჯანმა ვითარება რამდენჯერმე მოსინჯა: ხან საზღვარზე იყო სროლები, ხან სად, ხან სად ... მით უმეტეს, ახლა, როდესაც უკრაინაში ომია, ჩათვალა, რომ რუსეთი ვერაფერს იზამს.
– გვაქვს მოცემულობა, რომ სომხეთი მიბმულია რუსეთზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად, რუსული ბაზაც დგას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანმა მოახერხა ყარაბაღის დაბრუნება, კრემლს ორივე ქვეყანაზე ზეწოლის ეს მექანიზმი, ხელიდან ეცლება...
– დიახ, ეცლება და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იყო მისი მხრიდან შეცდომა, რომ არ ჩაერია 2020 წელს პროცესებში და მიუშვა [აზერბაიჯანი] იმ იმედით, რომ სომხები თავად მოიგერიებდნენ, თავად კი აზერბაიჯანთან ურთიერთობას არ გაიფუჭებდა. სომხებმა ვერ მოიგერიეს [აზერბაიჯანელები – რედ]... როგორც გაირკვა, მაშინ შეცდომა დაუშვეს [რუსებმა – რედ]. ახლა ვეღარ დაძაბავს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან – დამატებით ხათაბალას გაიჩენს კავკასიაში.
– ცხდაია, ამ მოცემულობაშიც რეგიონს არ ტოვებს – ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს სამხედრო ბაზები, სომხეთშიც, მაგრამ მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად შესუსტდება?
– პირველ რიგში, პრესტიჟის თვალსაზრისით (ბაზები, რა თქმა უნდა, რჩება) – მის პრესტიჟს დაარტყა სერიოზულად, პოლიტიკაში კი პრესტიჟი ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო დანარჩენს ვნახავთ, ნუ ვიჩქარებთ.
– საქართველოს კონტექსტშიც მინდა, ფრთხილად ვიკითხო. ცხადია, ოფიციალური ბაქო თბილისის სტრატეგიული პარტნიორია, თანასწორუფლებიანია ეს ურთიერთობები, ერთმანეთი სჭირდებათ, მაგრამ აზერბაიჯანის პოზიციების გაძლიერება ქმნის რაიმე სახის პრობლემებს საქართველოსთვის?
– თეორიულად კი, მაგრამ აზერბაიჯანი არაა ის ქვეყანა, სხვის ტერიტორიას წაეპოტინოს. მას ჩვენ ვჭირდებით, როგორც ზღვაზე გასასვლელი, ამიტომ საფრთხეს ვერანაირად ვერ ვხედავ. ხოლო თუ საკითხს მეცნიერულად მივუდგებით, ძალთა ბალანსი იცვლება და შესაძლოა, სახიფათო იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად, რეალურად კი არ ველი.
– აქ შეგვახსენებენ, რომ საზღვართან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს აზერბაიჯანთან...
– გარეჯი?
– არა მხოლოდ. არ გვაქვს საზღვარი დადგენილი, მათ შორის, აზერბაიჯანთან...
– კარგით რა! დადგინდება [საზღვარი]...გარეჯი ჩვენთანაც პოლიტიკური სპეკულაციის თემადაა ქცეული და ეს ცოტა კიდევ უფრო გაწელავს ამ პროცესს, მაგრამ დალაგდება... ამდენი ხანია, ეს თემა არსებობს, მაგრამ არ გაფუჭებულა ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
– კვლავ დაპირისპირებას რომ დავუბრუნდეთ. ყარაბაღის კონფლიქტის მეორე ეპიზოდის დროს ევროპა სიტუაციიდან ამოვარდნილი იყო, ამ შემთხვევაში მის როლს როგორ ხედავთ?
– ევროპას არასდროს ჰქონია იმხელა რესურსები, ჩარეულიყო კავკასიის, მით უმეტეს, სამხედრო კონფლიქტებში. პოლიტიკურადაც ვერ ერეოდა სერიოზულად. აქ თუ ვინმე ერეოდა, რა თქმა უნდა, ესენი იყვნენ რეგიონული სახელმწიფოები – თურქეთი, ირანი, რუსეთი და დასავლეთიდან აშშ. მეტი ვერავინ ერეოდა, ამის რესურსი არ ჰქონდათ. ახლაც იგივე ხდება.
– რა გზა რჩება სომხეთს?
– მოლაპარაკება აზერბაიჯანთან, რადგან ოდესღაც უნდა დასრულდეს ყარაბაღის გამო კონფლიქტი, რომლის გამოც სომხეთმა ამდენი დაკარგა. სომხეთს ძალიან ძვირი დაუჯდა ყარაბაღი: დონაცია, ეკონომიკური პროექტებიდან მოწყვეტა, სხვა თუ არაფერი, ომში ამხელა მსხვერპლი, მუდმივად ომის რეჟიმში ყოფნა, რამაც ქვეყანა ეკონომიკურად ძალიან გამოფიტა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა გარბის, რადგან არ უნდა ჯარში მსახური (სავალდებულო გაწვევაა)... ძალიან ძვირი დაუჯდა ყარაბაღი და ალბათ, მოუწევთ გადაფასება. წაგებული ომის შემდეგ ხდება ხოლმე რაღაცეების გადაფასება და შესაძლოა, სომხეთიც ამ მომენტთან დგას.
– როდესაც პირველად შედგა სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში, ამას ბევრი მიესალმა, მათ შორის, დასავლეთიდანაც...
– კი, მაგრამ როგორც ჩანს, ამას შედეგი არ მოჰყვა, სამწუხაროდ...
– მსგავსი დიალოგის გაგრძელების პერსპექტივას თქვენ ხდედავთ, თუ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი?
– ვნახოთ. თუ მოლაპარაკებები ჩვენთან შედგება, ამას რა სჯობს. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ცხადია, ჩვენ არანაირად არ გვაწყობს, როდესაც მეზობლები ხოცავენ ერთმანეთს, მაგრამ რას ვიზამთ?! ასეთ დროს მოლაპარაკებების ადგილი მაინც უნდა შევთავაზოთ, რომ აქ ილაპარაკონ – ჩვენთან და გამონახონ საერთო ენა, რადგან ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს, გარდა რეგიონში მშვიდობისა. თან სუსტები ვართ, რომ რაღაც ინტერესი გვქონდეს და ეს დავიცვათ. მხოლოდ მნშვიდობა გვინდა და სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენი შუამავლობა, ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის მისაღებია. ჩვენი გეოგრაფიიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ვხეირობთ მშვიდობით, თანამშრომლობით.