04-01-2024 13:19:56 ინტერვიუ
ინტერვიუ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მკვლევარ, საერთაშორისო მდივან ნიკოლოზ ხატიაშვილთან.
- წლის მიწურულს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ცხადია, ამ მხრივ 2023-მა წელმა ქართველებისთვის ისტორიული თარიღის სტატუსი შეიძინა, მაგრამ ეს წელი ასევე დამძიმებული იყო კონფლიქტებით (იქნება ეს უშუალოდ კავკასია, თუ უფრო ფართო რეგიონი), რომლებიც, როგორც ჩანს, მინიმუმ, 2024–შიც გაგრძელდება და თანმხლები ადამიანური ტრაგედიებით, უსაფრთხოების გამოწვევებით წინააღმდეგობრივ განცდებს აჩენს. თქვენი ხედვით, მაინც რას უტოვებს 2023 წელი 2024–ს – შესაძლებლობებს, ოპტიმიზმს, ბუნდოვანებას თუ სკეფსისს და რატომ?
დაგეთანხმებით, რომ 2023 წელი ნამდვილად რთული და გამოწვევებით აღსავსე იყო, თუმცა პოზიტიური მოვლენებიც იკვეთებოდა. მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენს რეგიონსაც მჭიდროდ ეხებოდა, უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. სამწუხაროდ, დასავლეთის ოპტიმისტური მოლოდინების მიუხედავად, 2023 წელს უკრაინამ ვერ მოახერხა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ეფექტური კონტრშეტევის განხორციელება, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი გარდატეხა შეეტანა უკრაინის სასარგებლოდ. 2024 წელსაც ვფიქრობ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დარჩება მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და წლის პირველი ნახევარი იქნება საყურადღებო, რადგან გასული წლის ბოლოს ვერ მოხერხდა უკრაინისთვის აშშ-ს და ევროკავშირის მასშტაბური ფინანსური დახმარების პაკეტების დამტკიცება, რამაც პრობლემების წინაშე დააყენა უკრაინა. იმედი მაქვს, რომ 2024 წლის დასაწყისში ამ საკითხის გადაჭრა მოხერხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ღაზაში მიმდინარე მოვლენები. ვფიქრობ, რომ 2024 წელს ისრაელი-ჰამასის ომიც აქტიურად გაგრძელდება, თუმცა თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით, იქ სიტუაცია განსხავებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირისპირება არ გადაიზარდოს რეგიონულ კონფლიქტში, რადგან ამას ექნება მძიმე შედეგები როგორც ახლო აღმოსავლეთისთვის, ასევე, პირდაპირი თუ ირიბი გზებით შეეხება ჩვენი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა დასაშვები, ისრაელ-ჰამასის ომში სხვა აქტორების ჩართვაც, რასაც რეგიონული ესკალაცია მოჰყვება, თუმცა კიდევ გავიმეორებ რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამის შანსები ძალიან დაბალია. მეორე მნიშვნელოვანი საფრთხე რაც შესაძლოა, გამოიწვიოს ამ ომმა ეს არის „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და სხვა მსგავსი ჯგუფების გაერთიანება და გარდაქმნა მასშტაბურ ტერორისტულ ორგანიზაციად, როგორიც იყო „ისლამური სახელმწიფო“. ამ შემთხვევაში საფრთხის წინაშე დადგება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანი ევროპა, მათ შორის საქართველოც. ტრადიციული საფრთხეების გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევებიც, რომლებიც ყოველ წელს მეტად იჩენენ თავს. ყველას გვახსოვს 2023 წელს არაერთი ბუნებრივი კატასტროფა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და ეს 2024 წელსაც მზარდი გამოწვევა იქნება. პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრისას გამოვყოფდი მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაჭრას, რასაც დადებითი გავლენა მოჰყვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე, თუმცა კიდევ ბევრი ნაბიჯია ამ კონტექსტში გადასადგმელი. ასევე, ხაზგასასმელია ევროკავშირის და მთლიანი ევროპის მიდგომებისა და ხედვების ცვლილება გაფართოების საკითხთან დაკავშირებით. გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს ევროპის მომავალი უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაზე საუბარი, რაც ძალიან მნიშნელოვანია საქართველოსთვისაც. უკრაინა-რუსეთის ომმა კარგად გამოკვეთა ყველა ის საჭიროება, რაც რეალურად გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შეამცირა გაფართოების მიმართ არსებული ევროპული სკეპტიციზმი.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი განზომილება შექმნა. ამ ფაქტმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოს როლსა და მნიშვნელობას ევროპის უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაში. ახლა ჯერი საქართველოზეა თუ რამდენად ეფექტურად შესრულდება მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო რეკომენდაციები და რამდენად სწრაფად განხორციელდება ის რეფორმები, რომლებიც თან ახლავს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესს. 2024 წელი საკმაოდ დინამიური იქნება საქართველოსთვის. ვფიქრობ, რომ რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, მით უფრო გაიზრდება რუსეთის მხრიდან სხვადასხვა სახის პროვოკაციები და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელიც მიმართული იქნება რეგიონში სტაბილურობის შესაფერხებლად და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელის შესაშლელად, მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენების გზით.
- ვინაიდან წელს ვაჯამებთ, მინდა, გამოვყოთ პრეცედენტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მოხდა და მისი მნიშვნელობა, მათ შორის საქართველოსთვის. ვგულისხმობ აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რუსეთის გარეშე და გაჩენილ იმედს, რომ საქართველოს ორი მეზობელი – აზერბაიჯანი და სომხეთი ათწლეულობით დავის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას შეძლებენ. საყურადღებო პროცესები ვითარდება სომხეთშიც საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მოსკოვთან დაძაბულობის ფონზე. ცხადია ამ მოვლენებს ფართო კონტექსტი აქვს რუსეთის გეოპოლიტიკური სწრაფვის გათვალისწინებითაც...
ამ პრეცედენტმა გააჩინა იმედი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ასევე, დნესტრისპირეთთან დაკავშირებით მომავალში შესაძლოა ხელშესახები პროგრესის მიღწევა, რადგან პრეცედენტის დაშვებას ხშირად ჯაჭვური რეაქციაც მოჰყვება, თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ იქნება მარტივი პროცესი. ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო შორეული პერსპექტივა და მეტწილად დამოკიდებულია უკრაინის ომის შედეგებსა და გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე საყურადღებოა, რომ ყარაბაღის საკითხის გადაჭრის შედეგად, შესუსტდა რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რამაც როგორც სომხეთს, ასევე, აზერბაიჯანს თავიანთ საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მეტი ლავირებისა და თამამი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მისცა. სომხეთის შემთხვევაში სახეზეა მათი საგარეო პოლიტიკური ვექტორის ნელი სვლით დასავლეთისკენ გადახრა. ასევე, გარკვეულწილად თბება ურთიერთობები აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის. ამ მოცემულობაში საქართველოს გააჩნია უნიკალური როლი. საქართველო, როგორც რეგიონში ყველაზე ახლო ქვეყანა დასავლეთთან, შესაძლოა გახდეს სწორედ დამაკავშირებელი პოლიტიკური ხიდი, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ „შუამავალი“ დასავლეთსა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, რეგიონის ქვეყნებისთვისაც მომგებიანია.
- წლების განმავლობაში გასაგები მიზეზების გამო, წუხილით ფასდებოდა ილუზიად საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის მიერ ერთობლივ პროექტებზე მუშაობა ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად და შეთავაზება მსოფლიოსთვის გეოგრაფიული მდებარეობის მაქსიმალური გამოყენებით. ფრთხილად ვიკითხავ, ფიქრობთ, რომ მაგალითად, 2024 წელს ეს რეალისტური იქნება?
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე, რუსეთი ყოველთვის ნეგატიურ გავლენას ახდენდა ამ პროცესზე. თუმცა, რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირება და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირება, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გზით, მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს სომხეთმა და აზერბაიჯანმა საბოლოოდ მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ბევრი რეგიონული პრობლემის გადაჭრის საფუძველი გახდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-სომხეთის და საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო საქართველოს მიმართ ბაქოსა და ერევნის მხრიდან ნდობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. საქართველოს აქვს რეალური შანსი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში, მათ შორის მედიაციის და ფასილიტაციის გზით, რისი არაერთი მაგალითი ჩვენ უკვე ვნახეთ ბოლო 2 წელიწადში. ვფიქრობ, რომ 2024 წელს სამმხრივი პროექტების განხორციელებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნიან მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი სამმხრივი კავშირები მომავალში მეტად გაღრმავდეს, მათ შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამის რეალური შანსი ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც საქართველოს სატრანზიტო როლი და ზოგადად შუა დერეფნის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება.
- 2024 წელი ფაქტობრივად, საარჩევნო წელია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ხოლო შედეგები, როგორც ბევრი მოელის, ფუნდამენტურ გავლენას იქონიებს გლობალურ, მათ შორის, საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე, იქნება ეს ევროკავშირის გაფართოებისადმი დამოკიდებულება (შესაბამისად, 2022 წელს გაჩენილი შესაძლებლობის ფანჯრის ღიად დარჩენის ხანგრძლივობა); უკრაინის დახმარების დონე... იზიარებთ მსგავს მოლოდინებს?
არჩევნების მოახლოებას გარკვეული ტურბულენტობა ახლავს თან. ეს პერიოდი თითქმის ყველა ქვეყანაში ხასიათდება პოლარიზაციის ზრდითა და სხვადასხვა პროცესის შეფერხებით. 2024 წელს დაახლოებით 65 ქვეყანაში და ევროპარლამენტში ტარდება არჩევნები. ასეთ მასშტაბებზე საუბრისას, წარმოუდგენელია, რომ ამ პროცესმა არ მოახდინოს გავლენა გლობალურ გეოპოლიტიკურ გარემოზე. საქართველოსთვის საინტერესოა აშშ-სა და ევროპარლამენტში დაგეგმილი არჩევნები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ში არსებობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მიმართ აშშ-ს დამოკიდებულების ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა. იგივე შემიძლია ვთქვა უკრაინასთან დაკავშირებითაც. აშშ-ს ინსტიტუტები იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელია, რომ პრეზიდენტის ხედვების განსხვავების მიუხედავად, ისეთ საკითხები, რომელიც ეხება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საბოლოო ჯამში მაინც რჩება უცვლელად. არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ში პრეზიდენტის ცვლილებამ გამოიწვიოს გარკვეული შიდა თუ საგარეო პოლიტიკური რყევები, თუმცა საბოლოო ჯამში პრეზიდენტი ყოველთვის ექცევა ე.წ ეროვნული ინტერესების კალაპოტში, რაც არაერთხელ ყოფილა აშშ-ს ისტორიაში. რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, არსებობს მოლოდინი, რომ ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მემარჯვენე ხედვების დეპუტატების რიცხვი გაიზარდოს, რაც გააძლიერებს ევროპარლამენტში ერთი მხრივ ევროკავშირის გაფართოების, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინის მხარდაჭერის მიმართ სკეპტიციზმს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი არის დიდი ბიუროკრატიული მანქანა, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება ხდება ძალიან კომპლექსურად და რთულად, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უშუალოდ წევრი ქვეყნების მთავრობების პოლიტიკური დღის წესრიგიდან და არსებული გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. ასევე, საყურადღებოა რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების შედეგების განჭვრეტა სირთულით არ გამოირჩევა, პუტინი შესაძლოა, უკრაინაზე მწვავე შეტევების და სამხედრო პოზიციების გამყარების გზით შეეცადოს თავისი კანდიდატურის მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობის გაზრდას.
- თქვენი დაკვირვებით, მაინც რა იქნება მომავალი წლის მთავარი გამოწვევები როგორც საქართველოსთვის, ისე გლობალურად და მათგან რომლის გადაჭრისადმი ხართ მეტად ოპტიმისტურად განწყობილი?
მოკლედ რომ შევაჯამოთ, 2024 წელი არ იქნება მარტივი წელი როგორც საქართველოსთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის. წელს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, რომ საარჩევნო წელი ყოველთვის გამორჩეულია თავისი დინამიურობით და ცვალებადი ფონით. ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა კვლავ იქნება ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ასევე, როგორც რეგიონული კონფლიქტები. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს შესაძლებელი გახდება ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, რაც მეტ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე, მთელს რეგიონს. რაც შეეხება მსოფლიოს, ძირითად გამოწვევად კვლავ უკრაინაში მიმდინარე ომი და ისრაელი-ჰამასის დაპირისპირება იქნება. ასევე, საყურადღებოა ტაივანის ირგვლივ არსებული ვითარება. ამის გარდა, მზარდი გამოწვევა იქნება კლიმატის ცვლილება, რომელიც ეხება ყველა ქვეყანას.